ბიძინა ივანიშვილის პრესსიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, კოალიციის
ლიდერის ვერტმფრენს ლიცენზია ნოემბერში ჩამოართვეს.
ფანჯიკიძის შეფასებით, აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით, ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას განცხადება, რომ ლიცენზია
საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა, გადაჭარბებულია.
„გურიაში გუშინ აქციის დაწყებამდე რამდენიმე ვერტმფრენი შევნიშნე, ხელისუფლებას ალბათ
ხალხის რაოდენობა აინტერესებდა. მათ ჰგონიათ, რომ ხალხის მისაყვანად მათ მსგავსად
ჩვენც ვერტმფრენები გვჭირდება“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
ივანიშვილის პრესსპიკერმა დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე კომენტარი, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
მედიაანალიტიკოსების საკანონმდებლო ინიციატივის პარლამენტისთვის წარდგენაზეც გააკეთა.
ფანჯიკიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“, „ეს შენ გეხებას“ მიერ
შემუშავებულ საკანონმდებლო ინიციატივას მხარს უჭერს.
„ერთის მხრივ, ყველა საკაბელო კომპანიას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება,
რომ ყველა ლიცენზირებული ტელევიზია საკუთარ ქსელში ჩართოს, მეორეს მხრივ, კი ყველა
ლიცენზირებულმა ტელევიზიამ საკუთარი სიგნალი საკაბელო პროვაიდერებს უნდა მიაწოდოს,
რათა მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება, უყუროს ყველაფერს და არჩევანი თავად
გააკეთოს. ‘’ნაციონალურმა მოძრაობამ" ამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, ამიტომ
ახლა ავტორები 30 000 ხელმოწერის შეგროვებას აპირებენ“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძემ ასევე კიდევ ერთხელ გააჟღერა ივანიშვილის დამოკიდებულება
სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ
ივანიშვილი არც განახევრებული ჯარიმის გადახდას აპირებს.
internet.ge