ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, იმის
შიშით, რომ რუსეთი ამ ინფორმაციას გამოეხმაურება, არ შეიძლება ვინმემ რამე
დამალოს. ამის შესახებ ფანჯიკიძემ დღეს, ირაკლი ალასანიას განცხადებაზე
კომენტირებისას ისაუბრა. მისი თქმით, ალასანიას მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე
სრული პასუხისმგებლობა არა თავად ალასანიას, არამედ ხელისუფლებას დაეკისრება.
"თუ აღნიშნული ინფორმაცია არასწორია, მაშინ მიკვირს, რატომ უთმობს ამ
განცხადების განხილვას ამდენ დროს ხელისუფლება. ალასანიამ გააკეთა ის, რაც ყველა
მოქალაქის ვალია. მას ჰქონდა სანდო წყაროზე დაყრდნობით მოპოვებული ინფორმაცია და
ეს შესაბამის ორგანოებს წარუდგინა. ბოკერიას მიერ გაკეთებული განცხადება კი, რომ
ამ ფაქტზე არავინ დაკითხულა, იმის მანიშნებელია, რომ ხელისუფლებას ეს საკითხი არ
აინტერესებს,"- განაცხადა ფანჯიკიძემ.
Internet.ge