სირიის თემა ერთ-ერთი
წამყვანი საკითხი იყო რუსეთისა და ამერიკის პრეზიდენტების შეხვედრაზე, რომელიც
მექსიკაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში შედგა.
თითქმის ერთსაათიანი
შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სირიის კრიზისთან
დაკავშირებით, ობამასთან „შეხების წერტილები“ გამონახა. ამერიკელმა კოლეგამ მისი
სიტყვები დაადასტურა:
„ჩვენ შევთანხმდით
იმაზე, რომ ძალადობა უნდა შეჩერდეს, რომ საჭიროა პოლიტიკური პროცესების დაწყება,
რათა თავიდან ავირიდოთ სამოქალაქო ომის განვითარება და შევაჩეროთ ბოლო კვირებში
მომხდარი საშინელი მკვლელობები,“ - განმარტა ობამამ.
აღსანიშნავია, რომ
მექსიკაში მიმდინარე სამიტის პარალელურად სირიის უშიშროების ძალები კვალავ
განაგრძობენ ოპოზიციონერთა პოზიციების დაკავებას. პრეზიდენტთა შეხვედრის დროს,
სირიაში სროლები მიმდინარეობდა, რის შედეგადაც კიდევ 23 ადამიანი დაიღუპა.
Internet.ge