ოპოზიციონერი ვიცე-სპიკერის, პაატა
დავითაიას ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას, თავისუფალი
გადაადგილების პრობლემა ექმნება, რაზეც
რეაგირება უნდა მოხდეს.
როგორც პარლამენტის
დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, დავითაიამ განაცხადა, გუშინ, აფხაზეთის
სეპარატისტულმა მთავრობამ დადგენილება მიიღო, რომლის მიხედვით, ადგილობრივ
მოსახლეობას საქართველოს ტერიტორიაზე მკურნალობა და გადაადგილება ეკრძალება.
მისი შეფასებით, სეპარატისტთა
ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებებს ზღუდავს და ადამიანებს ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუმჯობესების უფლებას არ აძლევს.
დავითაიას მოსაზრებით,
სეპარატისტთა მიერ ამ სანქციების დაწესება ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი
კლინტონის განცხადებას უკავშირდება, სადაც მან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ
მოსახლეობას ნეიტრალური პასპორტები შესთავაზა.
„როდესაც, ოკუპირებული
ტერიტორიებიდან სამკურნალოდან ჩამოდიან, ისინი უფასო ჯანდაცვის პროგმარებით
სარგებლობენ და თითქმის ყველა ნეიტრალურ
პასპორტსაც ღებულობს, რის გამოც, ამ უფლების შეზღუდვა ხდება. საგარეო საქმეთა
სამინისტროს უნდა მივმართოთ, რომ
დიპლომატების ინფორმირება მოხდეს, რომ მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება
იზღუდება“, – აცხადებს დეპუტატი.
კანონმდებელი აფხაზებს
მიმართავს, სეპარატისტთა მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს ნუ დაემორჩილებიან.
„ნორმალურ განვითარებაზე
ვინც ფიქრობს, მას ნუ შეეშინდება, რადგან ისინი თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ
და დახმარებას იღებდნენ. ყველაფერი გაკეთდება იმისათის რომ მათთვის ის ღია ფანჯარა
იყოს, რომელზეც დასავლეთი საუბრობს. თუ
მათ თავიანთი თვითმყოფადობის გადარჩენა სურთ, ამას უნდა დათანხმდნენ“, – ამბობს
კანონმდებელი.
ამას გარდა, დავითაიამ
ყურადღება რუსეთის შეიარაღებული ძალების რიცხოვნობაზეც გაამახვილა და განაცხადა,
რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ერთობლივი მმართველობის შტაბი იქმნება, რომელიც
განლაგებული იქნება სოხუმსა და ვორასინსკში.
Internet.ge