პარლამენტში, ამ წუთებში, „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ - ევროსაბჭოს კონვენციის რატიფიცირების მოსამზადებელი სამუშაო ჯგუფის დამფუძნებელი შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ, ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე–სპიკერმა, რუსუდან კერვალშვილმა განუცხადა, სანამ პარლამენტში, კონვენცია რატიფიცირებისთვის შევა,ხანგრძლივი სამუშაოა ჩასატარებელი.
დეპუტატის ინფორმაციით, კონვენცია ბევრ მუხლს მოიცავს, რომლის შემოწმება და მასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება უნდა მოხერხდეს.
“კონვენციაში ისეთი ნორმებია, რომლებიც არა მხოლოდ დეკლარირებას, არამედ რეალური შედეგების მიღებას უკავშირდება. განსაკუთრებით საყურადღებოა, კონფლიქტის და კონფლიქტის შემდგომ პერიოდში, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები. ეს, მხოლოდ სექსუალური ძალადობისგან დაცვა არ არის. ნორმები ძალადობის ყველა ფორმას, მათ შორის ფსიქოლოგიურ, სოციალურ, ფიზიკურს ეხება, რომელიც სქესობრივი ნიშნის მოტოვით არის მიყენებული. კონვენცია სახელმწიფოს გარკვეულ ვალდებულებებს აკისრებს. დიდი წარმატება იქნება თუ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება შემოდგომისთვის შევძელით”, - დასძინა მან.
სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან - პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ოჯახში ძალადობის აღკვეთის ღონისძიებათა განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და გაერო–ს ქალთა ორგანიზაციის (UN Women), წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ კონვენცია, სტამბოლში 2011 წლის 7 მაისს მიიღეს და მას ევროსაბჭოს ბევრმა ქვეყანამ, ხელი უკვე მოაწერა.
Internet.ge