კოალიცია „ქართული
ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი „ხალხის პარტიის“ ლიდერისგან, კობა
დავითაშვილისგან, 100 ათას ლარს ითხოვს. ამის შესახებ საინფორმაციო-ანალიტიკური
პორტალი „Грузия Online“ იუწყება.
სააგენტოს მტკიცებით, ამგვარი
მოთხოვნის მიზეზად ივანიშვილის მიერ „ხალხის პარტიისთვის“ გამოყოფილი თანხების
არამიზანმიმართული ხარჯვა სახელდება.
ივანიშვილსა და
დავითაშვილს შორის შესაძლო კონფლიქტის შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც
„ხალხის პარტიის“ ლიდერი „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ არც ერთ აქციაზე არ
გამოჩენილა. აქციაზე მიუსვლელობის მიზეზად თავად დავითაშვილი ჯანმრთელობის
მდგომარეობის გაუარესებას ასახელებს.
„ინტერნეტ.ჯი“
ინფორმაციის გადამოწმებას თავდაპირველად ივანიშვილის პრესცენტრთან, შემდეგ
კი კოალიციის წევრებთან შეეცადა, თუმცა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები
ზარებს არ პასუხობენ.
გამორთულია კობა
დავითაშვილის პირადი ნომერიც, თუმცა როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს დავითაშვილის ვაჟმა
განუცხადა, მამამისი ბოლო დღეების განმავლობაში თავს მართლაც შეუძლოდ გრძნობდა და
სახლიდან პრაქტიკულად არ გასულა. მისივე თქმით, დავითაშვილი ამ წუთებში კოალიციის
ოფისში იმყოფება.
Internet.ge