იჩქერიის რესპუბლიკის
ყოფილმა წარმომადგენელმა საქართველოში ხიზრი ალდამოვმა, რომელიც რამდენიმე დღის
წინ ჩეჩნეთის ლიდერს რამზან კადიროვს შეხვდა და პატიება და ჩეჩნეთში დაბრუნების
უფლება სთხოვა, გროზნოში პრესკონფერენცია გამართა და საქართველო ტერორიზმის
ხელშეწყობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ რუსული მედია და თავად ჩეჩნეთის
ხელმძღვანელის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
„სააკაშვილი და ქართული სპეცსამსახურები
დგამენ ნაბიჯებს ე.წ. ახალი „იჩქერიის მთავრობის“ შესაქმნელად, რათა მოახდინონ
რუსეთზე ზეწოლა და ჩეჩნეთის რესპუბლიკაში ტერორისტული დაჯგუფებების აქტივიზება,“ - განაცხადა ალდამოვმა.
მისივე თქმით, „ამ მიზნით, საქართველოს პრეზიდენტმა ჩაატარა რიგი კონფიდენციალური შეხვედრები
საფრანგეთში მცხოვრებ იჩქერიის პარლამენტის ექს-ხელმძღვანელთან ახიად იდიგოვთან,
რომლის დროსაც შეათანხმა ხსენებული პროექტის დეტალები. იდიგოვი სააკაშვილის
ანტირუსული პოლიტიკისადმი მხარდაჭერის დემონსტრირებას ახდენდა. ევროპის საბჭოს
საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატებთან ფართო კონტაქტების საშუალებით ის ეხმარებოდა
ქართველ სახელმწიფო ჩინოვნიკებს და პირადად სააკაშვილს, საფრანგეთში არსებულ
საერთაშორისო ინსტიტუტებში ანტირუსული ინტერესების ლობირებაში,“ - ამბობს კადიროვის მხრიდან პატიების მოლოდინში მყოფი ალდამოვი.
ის ამტკიცებს, ასევე, რომ იჩქერიის ახალი
მთავრობა, რომელსაც თითქოსდა, სააკაშვილი აყალიბებს, „ჩართულია „პანკისურ
ჯამაათში“, რომელიც აშშ-ისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ფინანსური დახმარებით
ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტებს აწყობდა. ხოლო საინფორმაციო მხარდაჭერას
ახორციელებდა ანტირუსული ტელეარხი „პირველი კავკასიური“. სხვათა შორის, ამ
ტელევიზიის ერთ-ერთი გავლენიანი თანამშრომელია ალა დუდაევა - ჯოხარ დუდაევის
ქვრივი,“ - ხაზი გასუვა ალდამოვმა.
ის ამბობს, რომ შეეცადა „პანკისური ჯამაათის“
წინააღმდეგ გამოსულიყო, მაგრამ მაშინვე მისი ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
„მე მომწამლეს. ექიმებმა დააფიქსირეს სასმენი
ნერვის დაზიანება, ნერვული სისტემის აშლილობა და საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის
ფუნქციის დარღვევა. მოცემული ფაქტი საჯარო გახდა. და ეს დამეხმარა,
გადავრჩენილიყავი და ხელი შემეშალა დაინტერესებული პირებისთვის, მკვლელობის
მცდელობა ბოლომდე მიეყვანათ. ოპერაცია ქართულმა სპეცსამსახურებმა საქართველოს
ანტიტერორისტული ცენტრის უფროსის გია გაბუნიას ხელმძღვანელობით დაგეგმეს. მათ
სურდათ, შემდგომში, მოწამვლის გამო რუსული მხარე დაედანაშაულებინათ,“ - განაცხადა ალდამოვმა.
მან შევარდნაძის პერიოდიც გაიხსენა და
აღნიშნა, რომ მაშინ ქართველმა ხალხმა კარგად მიიღო, რომ შეხვდა პრეზიდენტ
შევარდნაძეს, რომელიც თავის საქმიანობაში თავიდან ეხმარებოდა კიდეც, მაგრამ ალდამოვმა შევარდნაძეც ტერორიზმის ხელშეწყობაში დაადანაშაულა
და განაცხადა, რომ „საქართველოს ხელისუფლება შევარდნაძის ხელმძღვანელობით 90-იან
წლებში იღებდა ბოევიკებს და ეხმარებოდა მათ რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების
ორგანიზებაში, - მათ შორის, ჩეჩნეთის რესპუბლიკაში“.
Internet.ge