საქართველოს პრეზიდენტი ვანის რაიონის სოფელ სულორის მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მათთან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლებიც სოფელს ათწლეულების განმავლობაში აწუხებს და მათ მოგვარებას დაპირდა.
ქვეყნის პირველმა პირმა საპრეზიდენტო პროგრამის „გაზი ყველა სოფელს“ ფარგლებში აშენებული გაზსადენი გახსნა და პირველი ჩირაღდანიც, სიმბოლურად, თავად აანთო.
ადგილობრივებთან საუბრისას, პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 1-ელ ივლისს იწყება ახალი საავადმყოფოს მშენებლობა, ასევე დაგეგმილია სოფლის ცენტრამდე მისასვლელი ცენტრალური გზის შეკეთება და სკოლის რეაბილიტაცია. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მალე სულორი თავის ძირითად ფუნქციას დაიბრუნებს და წყალტუბოსთან ერთად, ერთ-ერთი საუკეთესო საკურორტო ადგილი გახდება.
მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტი ადგილობრივ მცხოვრებს, დამსახურებულ პედაგოგს იულია გოგორიშვილს ოჯახშიც ესტუმრა.