ბიძინა
ივანიშვილს
ჯარიმის გადახდის ვადა ხვალ, დღის ბოლოს ეწურება.
კოალიციის ლიდერმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან შესაბამისი მიმართვა გასულ სამშაბათს მიიღო და ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდისთვის ერთკვირიანი
ვადაც მიეცა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ბიძინა ივანიშვილის საქმეზე თბილისის
სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი 20 ივნისს შევიდა.
აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, "აღსრულების ეროვნულ ბიუროში შევიდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული 2 სააღსრულებო ფურცელი, რომელთა
თანახმადაც ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის
სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის
ოდენობით."
„საქმესთან დაკავშირებით დღეს დაიწყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ"
საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. აღნიშნული პროცედურა პირველ
ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას
7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის
გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები. ასევე
ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც
გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და
მოვალეობები“,- ნათქვამია აღსრულების ეროვნული ბიუროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ ივანიშვილი სამართალდამრღვევ
სუბიექტად სცნო და საერთო ჯამში 148 650 131 ლარით დააჯარიმა.
ივანიშვილის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში
გაასაჩივრეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით კი დაკისრებული ჯარიმა შემცირდა და
74 325 065 ლარი შეადგინა.
internet.ge