სააკაშვილი: მათგან განსხვავებით, ვინც ხალხის არჩევანის მოქრთამვას ცდილობს, ჩვენი მოქალაქეების მჯერა
საქართველოს პრეზიდენტმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე
ქვეყანაში არსებული დემოკრატიის შესახებ ისაუბრა.
მიხეილ სააკაშვილი ოპონენტების ბრალდებასაც გამოეხმაურა და განაცხადა,
რომ ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას კანონი იცავს.
„გარკვეული პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს დახატოს სიტუაცია ისე, რომ ვითომ
ამ შენობაში ვიღაც ავტოკრატები სხედან და აჩუმებენ ხალხს. მაინტერესებს, რომელ კარს
ვამტვრევთ? ან ვის ვზღუდავთ? როგორც მე ვარ ხელმისაწვდომი ყველა
მოქალაქისთვის, ასევე ხელმისაწვდომია ყველა მაღაჩინოსანი“,- განაცხადა მიხეილ
სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, მან ოპოზიციის მხრიდან ლანძღვაზე იმუნიტეტი
გამოიმუშავა.
„გინდათ მიტინგის გამართვა- გამართეთ, გინდათ მლანძღოთ - მლანძღეთ, იმუნიტეტი გამომიმუშავდა, მე ყოველთვის ვისმენ
კრიტიკულ აზრს და თითოეულ თქვენგანს იგივეს მოვუწოდებ. მე მათგან განსხვავებით,
ვინც ხალხის არჩევანის მოქრთამვას ცდილობს, ჩვენი მოქალაქეების მჯერა. ვცემ პატივს მათი თავისუფალი არჩევანის უფლებას“,-
განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კანონის
დამრღვევთა მიმართ ნულოვან ტოლერანტობას.
„ამაყი ვარ, რომ ერთად ავაშენეთ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებსაც
შესწევთ ძალა უპასუხონ ყველა გამოწვევას. ყოველდღე ვხედავთ შეტევას ჩვენ
დემოკრატიაზე, მაგრამ ამ აგრესიას ქართული სახელმწიფო უპასუხებს დემოკატიის გაძლიერებით
და არა მისი შეზღუდვით. კანონის ფეხქვეშ გათელვას დაუპირისპირდება ერთის მხრივ მკაცრი
სამართალი, რომელიც ნულოვან ტოლერანტობას გულისხმობს, ხოლო მეორეს მხრივ - სახელმწიფო
სისტემის სამაგალითო მუშაობა“,- განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე განცხადებით, „ქვეყნის აღმშენებლობა არჩევნებამდე დაიწყო და
მის შემდეგაც გაგრძელდება“.
internet.ge