ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი განმარტავს, რომ თუ კოალიცია „ქართული
ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმას დღეს
24:00 საათამდე არ გადაიხდის, აღსრულების ეროვნულ ბიუროს მის სახელზე საქართველოში
რეგისტრირებული ქონების დაყადაღების უფლება აქვს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს ქუცნაშვილმა განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია
გადაიხდის თუ არა ივანიშვილი აღნიშნულ ჯარიმას.
კოალიციის ლიდერმა აღსრულების ეროვნული ბიუროდან შესაბამისი მიმართვა
გასულ სამშაბათს მიიღო და ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდისთვის ერთკვირიანი ვადაც
მიეცა.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში ბიძინა ივანიშვილის საქმეზე თბილისის
სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი 20 ივნისს
შევიდა.
აღსრულების ბიუროს ინფორმაციით, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შევიდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული 2 სააღსრულებო ფურცელი, რომელთა
თანახმადაც ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის
სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის
ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ კონტროლის პალატამ ივანიშვილი სამართალდამრღვევ
სუბიექტად სცნო და საერთო ჯამში 148 650 131 ლარით დააჯარიმა.
ივანიშვილის ადვოკატებმა ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში
გაასაჩივრეს, მოსამართლის გადაწყვეტილებით კი დაკისრებული ჯარიმა შემცირდა და
74 325 065 ლარი შეადგინა.
internet.ge