ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები და სამომავლო ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილმა და ქეთრინ ეშტონმა.
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ბარონესა ქეთრინ ეშტონთან გამართულ შეხვედრაზე ის პრიორიტეტული საკითხები განიხილეს, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს.
შეხვედრაზე ქეთრინ ეშტონმა ყურადღება იმ პროგრესზე გაამახვილა, რომელსაც მხარეებმა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისა და უვიზო მიმოსვლასთან მიმდინარე დიალოგში მიაღწიეს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ამ პროცესის დაჩქარების შესაძლებობების განხილვა იყო, რაც ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისა და დასაქმების პრობლების გადაჭრას შეუწყობს ხელს.
მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურდღება და ამ პროცესის მონიტორინგის თვალსაზრისით, კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო მზად არის, რაც შეიძლება მეტი ევროპელი დამკვირვებელი მიიღოს ევროკავშირის ქვეყნებიდან. შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ახალ სამთავრობო პროგრამაზე მუშაობს, რომელიც ევროპულ სტრუქტურებთან ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებასაც გულისხმობს.
ქვეყნის პირველმა პირმა, ევროკავშირთან მიმდინარე მოლაპარაკებების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ თავისუფალ ვაჭრობასა და უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით დაწყებული დიალოგი წელიწადნახევარში დასრულდება.
Internet.ge