საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, დავით საგანელიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გადააყენეს.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციურ ფრაქციას, დანარჩენმა 33-მა დეპუტატმა გადაწყვეტილებას ერთხმად დაუჭირა მხარი.
როგორც საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საგანელიძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" მისი გაწევრიანების გამო, ამიტომ ერთგვარი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად, მან თვითონ დაწერა განცხადება გადადგომის შესახებ.
საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილმა მიღებული გადაწყვეტილების მიზეზად საგანელიძის მიმართ ნდობის დაკარგვა დაასახელა.
"ამ ადამიანმა მისთვის უკეთეს პირობებს მიაგნო და მოიპოვა ის, რისმა უკმარისობამაც ჩვენამდე მოიყვანა. დავით საგანელიძემ დაკარგა ნდობა, რაც ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გახდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იგი ბოლო პერიოდში კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით გამოირჩეოდა"-განაცხადა სამადაშვილმა.
Internet.ge