საქართველოს პრეზიდენტმა ახალი თავდაცვის მინისტრი თანამშრომლებს
წარუდგინა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დიმიტრი შაშკინი ძალიან გამოცდილი
ხელმძღვანელია, რომელმაც ყველა სფეროში ძალიან სასიკეთო რეფორმები გაატარა.
„თავდაცვა ძალიან ფაქიზი და ყველაზე მნიშვნელოვანი უწყებაა.
შეიარაღებულ ძალებს აქვს ყველაზე მაღალი ავტორიტეტი და ეს სწორი ხელმძღვანელობისა
და რეფორმების დამსახურებაა. რომ არა შეიარაღებული ძალები, საქართველო, როგორც
სახელმწიფო ვერ იარსებებდა. ჩვენი სისტემა ეფუძნება გაწვევით ჯარს და მინდა
კატეგორიულად ვთქვა, გაწვევითი ჯარის გაუქმება არ შეიძლება ჩვენისთანა ქვეყანაში
და ეს სულელური იდეაა“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ყველა მოქალაქე სხვადასხვა ფორმით ჩართული უნდა
იყოს ქვეყნის თავდაცვაში.
„მე ვაპირებ, ჩემი შვილი, როგორც კი სრულწლოვანი გახდება, რაიმე
ფორმით ინტეგრირებული იყოს ჯარში და გაიაროს სამხედრო მომზადება. ასე უნდა
ფიქრობდეს ყველა საქართველოს მოქალაქე. რაც შეეხება რეზერვისტთა სისტემას ეს ჩვენი
სიამაყის წყაროა. დღეს საქართველოში დევნილები არიან ეთნიკური აფხაზები, ოსები,
რუსები, სომხები, ქართველები, ამიტომ სამშობლოს დაცვა ყველამ უნდა იცოდეს“,-
განაცხადა პრეზიდენტმა.
ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ქვეყანამ ახალი სამხედრო ინდუსტრია
შექმნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ გვქონდა წარმატებული წლები, მაგრამ ასევე იყო 2009 წელს
გადატრიალების ჩაფლავებული მცდელობა. ბაჩო
ახალაიას ყოფნის პერიოდში მთლიანად გაიწმინდა სისტემა მერყევ, ძველებურად
მოაზროვნე, მტერთან შეკრული ელემენტებისგან. დღეს შეიარღებული ძალები ამ მხრივ
არის სუფთა“,- განაცხადა პრეზიდენტმა.
internet.ge