საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლამ 1-ელ ივლისს, ქუთაისში, კადეტთა
კორპუსის კურსდამთავრებულებთან შეხვედრაზე, მოსკოვის ყურადღება მიიპყრო.
რუსეთის საგარეო უწყების განცხადებით, ამ შეხვედრაზე მიხეილ
სააკაშვილმა განაცხადა, რომ „აქტიური ომის გარეშე არ შეუძლია“ და „ამიტომ ქართველი
ჯარისკაცები იბრძვიან ავღანეთში, რითაც აძლიერებენ არმიას და საქართველო
გააგრძელებს იქ თავისი სამხედროების მომზადებას“ - ნათქვამია საგარეო უწყების ვებ-გვერდზე
სამინისტროს წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის კომენტარში.
„როგორც ჩანს, საქართველო ავღანეთში სულაც არ არის იმის გამო და არ
ზრდის თავისი სამხედროების რაოდენობას იმისათვის, რომ ტერორიზმს ებრძოლოს და
უსაფრთხოებას დაუჭიროს მხარი, რაც უსაფრთხოების მხარდაჭერის კოლექტიური ძალების
მანდატითაა ნაგულისხმევი. უფრო მეტიც, მ. სააკაშვილის სიტყვებიდან ვლინდება, რომ
რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ავღანეთში „აქტიური ომი“, უკეთესია საქართველოსთვის,
რომელსაც შესაფერისი პოლიგონი ექნება თავისი არმიის საბრძოლო მომზადებისთვის“ -
ამბობს ლუკაშევიჩი.
„მოცემული თემის მორალურ ასპექტს არ განვიხილავთ (დაე, თავისი
შეფასება მას საქართველოსა და ავღანეთის ხალხებმა მისცენ). მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ
ხსენებული გამონათქვამები არაორაზროვნად ადასტურებს თბილისის მიერ საბრძოლო
რევანშისტული განწყობილებების შენარჩუნებას, რაც რეალურ საფრთხეს წარმოადგენს
ამიერკავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის. შემთხვევითი არაა, რომ ქართული
მხარე ჯიუტად თავს არიდებს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის
შეთანხმების გაფორმებას“ - ნათქვამია განცხადებაში.
ლუკაშევჩი სააკაშვილის განცხადებებზე ყურადღების მიპყრობას ურჩევს
მათ, ვინც მისი თქმით, აღნიშნავს ხოლმე საქართველოს წვლილს ავღანეთის სამშვიდობო
ოპერაციაში და ვინც საქართველოს „კონკრეტულ სამხედრო დახმარებას უწევს სამხედრო
პოტენციალის გაძლიერებაში“.
Internet.ge