რუსეთი ეუთოს რეზოლუციის ტექსტიდან ტერმინ - „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების“ ამოღებისთვის იბრძვის
დღეს ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეა განიხილავს რეზოლუციის პროექტს, რომელშიც აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი
ოკუპირებულ ტერიტორიებად არის მოხსენიებული.
რეზოლუციის
ინიციატორი პოლონელი დეპუტატი მიხეილ შერბაა, თანაავტორი კი ეუთოს წევრი 9
სახელმწიფოს 36 პარლამენტარია.
რეზოლუციის
ავტორი დარწმუნებულია, რომ ეუთო, ამ მწვავე რეზოლუციას, საბოლოო ჯამში, მაინც
მიიღებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციაში სხვა საერთაშორისო
გაერთიანებებისგან განსხვავებით, რუსეთს უფრო მეტი „გულშემატკივარი“ ჰყავს.
შერბას თქმით,
რეზოლუციის მხარდაჭერას აპირებენ ევროპელი ქრისტიან-დემოკრატები, კონსერვატორები
და ლიბერალები.
ცნობილი გახდა,
რომ რეზოლუციის ტექსტიდან ტერმინის - „ოკუპირებული ტერიტორიები“ - ამოღებას
შეეცადა გერმანიის თავისუფალი დემოკრატიული პარტია, რომელმაც „ეხო კავკაზას“
ინფორმაციით, წარმოადგინა შესწორება, რომ დოკუმენტის ტექსტში აფხაზეთი და ე.წ.
სამხრეთ ოსეთი არა ოკუპირებულ ტერიტორიებად, არამედ „გამოყოფილ რეგიონებად“
წოდებულიყო. თუმცა ამ ცვლილებამ, იმისათვის, რომ ის განხილვის საგნად ქცეულიყო, საკმარისი
რაოდენობის მხარდამჭერები ვერ მოიპოვა.
მიხეილ შერბას მიერ წარმოდგენილი რეზოლუციით ეუთოს საპარლამენტო
ასამბლეა მოუწოდებს მხარეებს, დაიცვან საერთაშორისო სამართლის პრინციპები,
შეასრულონ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, უზრუნველყონ შიდა ადგილნაცვალ პირთა
უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება და რაც მთავარია, ასამბლეა „დაჟინებით მოუწოდებს
რუსეთის მთავრობასა და პარლამენტს, ასევე საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და
სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებებს, რომ ნება დართონ ევროკავშირის
დამკვირვებელთა მისიას, დაუბრკოლებლად შევიდნენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის
ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.
დღეს მონაკოში, ეუთოს
ყოველწლიური სესიის ფარგლებში საქართველოს შესახებ რეზოლუციაზე მხოლოდ მსჯელობა
გაიმართება. დოკუმენტს კენჭს ორშაბათს უყრიან.
internet.ge