ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ
ბრიფინგზე კომენტარი, „ბანკ ქართუსა“ და „ბურჯის“ დაჯარიმების საკითხებზე გააკეთა.
ფანჯიკიძის შეფასებით, ბანკს განსაკუთრებული დარტყმა მიადგა,
ხელისუფლება კი, მის დისკერდიტაციას ცდილობდა.
„პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა, რის შედეგადაც
ბანკმა 190 მილიონ ლარამდე ჩადებული ქონება დაკარგა. ეს ცვლილებები მხოლოდ
„ქართუსთვის“ განხორცილედა, რის შემდეგაც ბანკი აბსურდული რაოდენობის თანხით
დააჯარიმეს. ასევე, თავად ბიძინა ივანიშვილს უკანონოდ დააკისრეს ჯარიმები და
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ „ქართუ ჯგუფს“ ყადაღა დაადო“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
პრესსპიკერის თქმით, ამ მეთოდებით ივანიშვილის დამარცხება
შეუძლებელია.
„კომპანია ‘’ბურჯიც" დაჯარიმდა, რომელთანაც კონტრაქტული ხელშეკრულება
გვაქვს გაფორმებული და რომლის მომსახურებითაც „ქართული ოცნება“ სარგებლობს. ეს
დაჯარიმებაც არის უკანონო და შეთითხნილი საქმე. დაჯარიმების სერია კი
შაბათ-კვირასაც გაგრძელდა, როდესაც კერძო პირები, რომლებიც შემოწირულობებს აკეთებდნენ, დააჯარიმეს. სულ 13 პირია ასეთი. აღნიშნულ
საკითხზე კი, სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
ყველა ასეთი ქმედება კოალიციის წინააღმდეგაა მიმართული“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
internet.ge