ბიძინა
ივანიშვილს
სრულად
სურს სააკაშვილის პოლიტიკური მონოპოლიის ჩანაცვლება. ამის შესახებ დღეს გამართულ
პრესკონფერენციაზე „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინ, ნაცვლად იმისა, რომ არჩევანის საგანი ყოფილიყო უკეთესი ხედვა, პროგრამული ალტერნატივა, პროგრესულობა, დღეს უკვე იკვეთება ორი მხარის მისწრაფება, უზომო ძალაუფლებასა და უზღვავ ფულს შორის.
„მონოპოლიურადაა გადანაწილებული მედიასაშუალებები, საიდანაც ნაცვლად დემოკრატიული საზოგადოებისთვის დამახასიათებელი წინასაარჩევნო პოლიტიკური დებატებისა, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ კამათს, კინკლაობას და მტრის
ხატის შექმნას და ამომრჩეველს
არ ვაძლევთ საშუალებას გააკეთოს ინფორმირებული არჩევანი. საქართველოსთვის
დამღუპველია
მონოპოლიები
პოლიტიკაში. თუ მონოპოლია ბიზნესში ანგრევს ეკონომიკას და ცხოვრებას გვიძვირებს, მონოპოლია პოლიტიკაში ცხოვრებას გვირთულებს და ყოველდღიურ ყოფას გაუსაძლისს ხდის“,-
განაცხადა ჩიხრაძემ.
მისი თქმით, ბიზნესში მონოპოლიის მოსპობა ნიშნავს იაფ წამალს,
იაფ საწვავს, იაფ პროდუქტს. პოლიტიკაში მონოპოლიის მოსპობა ნიშნავს თავისუფალ სასამართლოს, წარმატებულ ბიზნესს, ობიექტურ მედიას და დაცულ ადამიანს.
„თუ ჩვენ არ გვინდა ჩვენი ქვეყანა არადემოკრატიული,
ჩამორჩენილი
ქვეყნების
რიგში ვიხილოთ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები საქარველოსთვის იქცეს შანსად და არა გადაულახავ წინააღმდეგობად,
საჭიროა გამოვიდეთ ამ მოჯადოებული მდგომარეობიდან,
უზრუნველვყოთ
რეალური თანაბრობა საარჩევნო პროცესში და დაუყოვნებლივ დაიწყოს საგნობრივი, პროგრამული სატელევიზიო დებატები, რათა წინასაარჩევნო პროცესი უპირობოდ მშვიდობიან კალაპოტში წარიმართოს და არჩევნებით რეალურად დავამთავროთ ერთპარტიული მონოპოლიური მმართველობა, განვახორციელოთ სისტემური ცვლილებები და დავამკვიდროთ რეალური მრავალპარტიულობა
ქვეყანაში“,-
განმარტავს „ახლების“ ლიდერი.
internet.ge