საქართველო ნატოში საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით შევა -
განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რადიო „ეხო მოსკვისთან“
ინტერვიუში.
„ჩვენ მართლა ახლოს ვართ ნატოში გაწევრიანებასთან და აუცილებლად
შევალთ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებით, რადგან ალიანსი, ისევე, როგორც ყველა
სხვა საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში
სცნობს და ჩვენ არ ვაპირებთ ამაზე უარის თქმას“ - განაცხადა ვაშაძემ.
მინისტრმა ასევე კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაზე იმასთან
დაკავშირებით, რომ საქართველოს, თითქოსდა, აწყობს ომი ავღანეთში, რადგან ეს
საშუალებას აძლევს, გაწრთვნას თავისი არმია.
გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ არ გამოიყენებს ისეთ გამონათქვამებს, როგორიც
რუსეთის საგარეო უწყებამ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოიყენა, თუმცა აღნიშნა, რომ
ამ განცხადების პირველი ნაწილი „იდიოტიზმია“. რაც შეეხება ქართული არმიის წვრთნას,
ვაშაძის თქმით, რატომღაც, მოსკოვის განცხადება
ისე ჟღერს, თითქოსდა, საქართველოს არ ჰქონდეს უფლება გაწვრთნას თავისი
ჯარისკაცები.
„ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ და გაეროს წესდებისა და სხვა ფუძემდებლური
ნორმებისა და პრინციპების შესაბამისად, არათუ უფლება გვაქვს გვყავდეს საკუთარი არმია,
არამედ უფლება გვაქვს უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება და
თავდაცვისუნარიანობა“ - განაცხადა მინისტრმა და ურჩია რუს კოლეგებს ყუბანითა და იქ
მომხდარი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციით დაკავდეს და თავი დაანებოს
„გეოსტრატეგიულ თამაშებს“, რომელსაც, ვაშაძის თქმით, მსხვერპლად, რუსეთის მოქალაქეთა ინტერესები
ეწირება.
internet.ge