თადუმაძე : ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სხვა გზების ძებნა საჭირო არ არის
“ქართული ოცნების” ლიდერის ადვოკატი, შალვა თადუმაძე „ქრისტიან დემოკრატიული“ მოძრაობის ინიციატივას პროცესის გაჭიანურებას უწოდებს და ამბობს, რომ მოძრაობის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებს, პოლიტიკური აქტივობის და მის პროცესებში მონაწილეობის უფლება უნდა მიეცეს, არარეალურია.
“მიქმედი კანონმდებლობა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებს, სხვა გზის ძიება საჭირო არ არის, ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას.
„ქდმ“-ს ინიციატივის მიხედვით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები აღჭურვილი უნდა იყვნენ იგივე უფლებებით, როგორც საქართველოს მოქალაქეები. ამასთან დაკავშირებით კი ცვლილება უნდა შევიდეს კონსტიტუციის იმ მუხლში, რომელიც უკავშირდება ცენზს, რის შემდეგადაც ივანიშვილს ექნება შესაძლებლობა დააფინანსოს მისი პოლიტიკური კამპანია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით, დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, ივანიშვილს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი ეთქვა. რეესტრის დასკვნის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობის მისაღებად ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების პროცედურას უნდა მიმართოს.
Internet.ge