საია: სამოქალაქო რეესტრის დასკვნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამოქალაქო რეესტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე, ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, სამართლებრივ შეფასებას აკეთებს.
როგორც საიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ასოციაციის აზრით, აღნიშნული დასკვნა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს არ შეესაბამება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აზრით, აღნიშნული დასკვნა არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს შემდეგ გარემოებათა გამო: დაბადებით საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მიღების ორ შესაძლებლობას ითვალისწინებს: 1) ნატურალიზაცია; 2) ორმაგი მოქალაქეობა. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ის არის, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი არ უნდა იყოს რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქე. თუ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების პროცესში პირი არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, უნდა არსებობდეს ამ პირის ოფიციალურად განცხადებული ნება, რომ, საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, იგი უარს იტყვის სხვა რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობაზე. სხვა ვითარებაა ორმაგი მოქალაქეობისას. ამ დროს პირი საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ ინარჩუნებს სხვა ქვეყნის (ქვეყნების) მოქალაქეობას“,- აცხადებენ ასოციაციაში.
საიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ოფიციალურად მიმართა საფრანგეთის საელჩოს საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნით. მისი ნება კი, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, უარს იტყოდა საფრანგეთის მოქალაქეობაზე, ცნობილი იყო სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის. ასოციაციას მიაჩნია, რომ კანონის ის მიზანი, რომ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ პირი მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს, მოცემულ შემთხვევაში, მიღწეული იქნებოდა.
„აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: საქართველოს კანონმდებლობის ის მიდგომა, რომ პირი მოქალაქეობის გარეშე არ უნდა დარჩეს, ნათლად ჩანს საპირისპირო შემთხვევაშიც, ანუ მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქე მიმართავს უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მოქალაქეობის მიღების შესახებ და საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა სურს. კერძოდ, როდესაც საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ განცხადებას წერს, საქართველოს პრეზიდენტი იღებს შესაბამის ბრძანებულებას (პირის საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ). „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეს ბრძანებულება ძალაში შედის მხოლოდ მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება უცხო ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, რომ პირმა უკვე მიიღო ან, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთხვევაში, აუცილებლად მიიღებს შესაბამისი უცხო ქვეყნის მოქალაქეობას“,- აცხადებენ საიაში.
მათივე განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო, მიეღო ბრძანებულება პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შესახებ და ეს ბრძანებულება ძალაში შესულიყო არა დაუყოვნებლივ (რათა პირს ერთდროულად ორი ქვეყნის მოქალაქეობა არ ჰქონოდა), არამედ მას შემდეგ, რაც საფრანგეთის კომპეტენტური ორგანოებიდან მიღებული იქნებოდა ოფიციალური დოკუმენტი მისი საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის მოთხოვნით დაწერილი განცხადების დაკმაყოფილების შესახებ.
Internet.ge