“ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის საკითხს ეხება, დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და საყოველთაო–სახალხო განხილვის კომისიას გადაუგზავნა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თარგამაძემ განაცხადა, კონსტიტუციის 49–ე მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს – საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
თარგამაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა.
შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ, ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების საკითხთან დაკავშირებით დასკვნა გუშინ, გამოსცა, რომლის მიხედვით, ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით უნდა მიემართა.
Internet.ge