კრასნოდარის
მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე ტკაჩოვმა, რომელიც იმავდროულად რუსეთის
პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელია ოკუპირებულ აფხაზეთში, კრასნოდარის მხარეში
მომხდარი სტიქიური უბედურების გამო ვლადიმერ პუტინის სახელზე თანამდებობიდან
გათავისუფლების თხოვნა დაწერა.
წყალდიდობის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიაზე საუბრისას ტკაჩოვი აცხადებდა, რომ
სტიქია ბუნებრივი მოვლენებით იყო განპირობებული და ჩინოვნიკებს მასში არანაირი
ბრალი არ მიუძღვოდათ, თუმცა ამჯერად ის აცხადებს, რომ პერსონალურ პასუხისმგებლობას
გრძნობს.
თუმცა ტკაჩოვი შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას და
ისევ შეეცდება კრასნოდარის მხარის გუბერნატორის პოსტის დაკავებას, რადგან როგორც
ამბობს, ბევრი საკითხი რჩება დაუმთავრებელი, მათ შორის, სოჭის ოლიმპიადის
ობიექტების მშენებლობა. ამის შესახებ მან კრასნოდარის ადგილობრივი ტელევიზიის
ეთერში განაცხადა.
ალექსანდრე ტკაჩოვი ყოველთვის პუტინის „საყვარელ“ ჩინოვნიკად აღიქმებოდა, რომელიც
სოჭის ოლიმპიადისთვის გამოყოფილი კოლოსალური თანხების შესახებ დეტალურად არის
საქმის კურსში. ამიტომ ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ტკაჩოვის მხრიდან გადადგომის
სურვილი გათამაშებულია ხელისუფლების მიერ, რათა ქულებიც დაიწერონ და მომავალ
არჩევნებში, ყოფილ გუბერნატორს ხალხის რჩეულის ტიტულით მუშაობის კვლავ
გაგრძელების საშუალება მისცენ.
Internet.ge