„ქართული ოცნება“ მმართველი პარტიის ინიციატივას არჩევნებთან დაკავშირებით არ იზიარებს
„ქართული ოცნება“ მმართველი პარტიის ინიციატივას არჩევნებთან დაკავშირებით
არ იზიარებს. ამის შესახებ კოალიციამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია
ნათქვამი, კოალიცია „ქართული ოცნება“ მიესალმება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების
ინიციატივებს სამართლიანი, კონკურენტული და მშვიდობიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.
„ მხარს ვუჭერთ კამპანია „ეს შენ გეხება!“ ეგიდით ქართული სადამკვირვებლო
ორგანიზაციების მიერ 16 ივლისს გამოქვეყნებულ დოკუმენტს და მზად ვართ ავიღოთ ამ დოკუმენტში
ასახული პრინციპების დაცვის ვალდებულება“- ნათქვამია განცხადებაში.
რაც შეეხება მმართველი პარტიის ინიციატივას, წინასაარჩევნო პერიოდთან და
არჩევნების შედეგებთან მიმართებაში, „ქართულ
ოცნებაში“ ამ ინიციატივას არ იზიარებენ.
„მმართველი პარტიის ბოლოდროინდელი ალტერნატიული ინიციატივები, მათ შორის,
აღნიშნული დოკუმენტის რაიმე სხვა დოკუმენტის დამატებად განხილვის თაობაზე, ხელს არ
უწყობს დეკლარირებული მიზნის მიღწევას. ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ სამოქალაქო საზოგადოების
მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში დამატებითი პუნქტების შეტანის საკითხი, მათ შორის, არჩევნების
შედეგების თაობაზე ყველა სადავო საკითხის მხოლოდ მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზებით
გადაწყვეტის და უმცირესობების თუ პოლიტიკური
ოპონენტების მიმართ სიძულვილის ენის არ გამოყენების ვალდებულება“-აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივა, რომლითაც მან ოპოზიციურ
პარტიებს მიმართა ითვალისწინებს უარის თქმას ამომრჩევლის მოსყიდვაზე; მზადყოფნა განუხრელად
დაცული იყოს ცესკო-ს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციები
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შეზღუდვასთან დაკავშირებით. მმართველი პარტია
ასევე პასუხისმგებლობას იღებს, ცესკო-ს მიერ შეჯამებული და სანდო რეპუტაციის მქონე
სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ ლეგიტიმურად მიჩნეული არჩევნების შედეგების აღიარებაზე.
internet.ge