მაია ფანჯიკიძე: ხელისუფლება იმდენად აღელვებულია, რომ ივანიშვილის გამო კონსტიტუციასაც ცვლის
მოძრაობა „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის პრეს-მდივანი დარწმინებულია, რომ ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ინიციატივა, რომელიც ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენას ეხებოდა, ხელისუფლების მხრიდან მორიგი „ნაცრის შეყრაა საკუთარი ხალხისა და უცხოელი თანამეგობრობისთვის“.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ქრისტიან-დემოკრატუული მოძრაობის აღნიშნული შეთავაზება მოულოდნელი არ იყო.
„ხელისუფლება და პირადად მიხეილ სააკაშვილი იმდენად აღელვებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის გამო კონსტიტუციასაც ცვლის, რომ ჩვენ უცხოელ პარტნიორებს თვალი აუხვიონ და აჩვენონ თუ როგორ პოლიტიკურ გარემოს ქმნიან. მაგრამ ყველამ კარგად იცის როგორი ხელისუფლების პირობებში უწევს ბატონ ბიძინას ბრძოლა. რაც შეეხება ქდმ-ს, დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა რომ პარლამენტში ფსევდო ოპოზიციაა და ისინი ხელისუფლების პოლიტიკის გამტარები არიან“,- განაცხადა ფანჯიკიძემ.
“ქრისტიან–დემოკრატების“ ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის საკითხს ეხება, დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და საყოველთაო–სახალხო განხილვის კომისიას გადაუგზავნა.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თარგამაძემ განაცხადა, კონსტიტუციის 49–ე მუხლში ცვლილებები უნდა შევიდეს, რომლის მიხედვით, პარლამენტის წევრად შეიძლება აირჩეს – საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე, 21 წლის ასაკიდან, აგრეთვე 21 წელს მიღწეული პირი, რომელიც დაბადებულია და ბოლო ათი წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში და აქვს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა.
Internet.ge