სსიპ
აღსრულების
ეროვნულ ბიუროში ახალი სერვისის - „ფაქტების კონსტატაციის“ პრეზენტაცია დღეს, 13:00 საათზე გაიმართება.
ბიუროს ინფორმაციით, ახალი სერვისი - „ფაქტების კონსტატაცია“, უნიკალური საშუალებაა მოქალაქეებმა დააფიქსირონ
მათთვის მნიშვნელოვანი ფაქტი და მიიღონ ოქმი, რომელსაც მტკიცებულებად გამოიყენებენ.
ფაქტების
კონსტატაციის
სერვისის ძირითადი მიზანი ფაქტის დადგენა და მომხდარზე ოქმის შედგენაა. ის არ არის ექსპერტიზა და კონცენტრირებულია
ფაქტებზე და არა მისი მიზეზების დადგენაზე.
მოქალაქის
მიერ ფაქტის დადასტურების თხოვნით მომართვის შემდეგ, აღმასრულებელი ადგილზე აფიქსირებს კონკრეტულ სიტუაციას - ფაქტს; ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ფაქტებს ოქმში, რომელიც თავისუფალია რაიმე შეფასებისაგან; გამოიყენებს ტექნიკურ მოწყოფილობებს, იღებს ნიმუშებს, როდესაც ეს აუცილებელია და დაურთავს ყველა მიღებულ მასალას ოქმს, რომელიც ამტკიცებს ფაქტის არსებობას და შეიძლება გამოყენებულ იქნეს მტკიცებულებად.
ფაქტების
კონსტატაციის
სერვისით მოსახლეობას შეუძლია ისარგებლოს: ქონების გაქირავებამდე მისი მდგომარეობის ასახვისათვის; სამეზობლო დავებისას - წყლის ჩამოშვებისას, საერთო სარგებლობის კიბით, სხვენით ან გზით სარგებლობის ხელისშეშლის შემთხვევაში; ჩუქების; გაყრის; ქონების გაყოფის; მემკვიდრეობით მიღების დროს ქონების სრული ინვენტარიზაციისათვის;
შესრულებული
სამუშაოს აღწერისთვის, მაშინ როდესაც დამზადებული ნივთი ან საქონელი, არ აკმაყოფილებს კონტრაქტის პირობებს; საავტორო უფლებების დაცვისათვის; პირატული პროდუქციის გაყიდვის დაფიქსირებისათვის;
განქორწინების
პირობების
შეუსრულებლობისას;
სტიქიური უბედურების ან სხვა სახის ავარიულ სიტუაციებში ზარალის შესახებ დადასტურებული ფაქტის დასადგენად; დაკვეთის შესრულების დროში უმიზეზოდ გაწელვისას და ა.შ.
ახალი
სერვისით სარგებლობა მოსახლეობას საქართველოს ყველა რეგიონში 1 აგვისტოდან შეეძლება.
internet.ge