ირაკლი ალასანიას განცხადებამ, დასავლეთ საქართველოში ხელისუფლების მიერ შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ, აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმს საქართველოს მიმართ ბრალდებების საბაბი მისცა.
ალასანიას აღნიშნული განცხადება სოხუმმა, როგორც მოსალოდნელიც იყო, საკუთარი ინტერესების შესაბამისად გამოიყენა და ქართული მხარის მიერ მის წინააღმდეგ დაგეგმილ „პროვოკაციად" აღიქვა.
ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზური მხარე „შეშფოთებულია აფხაზეთის საზღვრებთან ახლოს უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნის" შესახებ ალასანიას განცხადებით.
„მსგავსი შეიარღებული ფორმირებების შექმნა მოწმობს, რომ საქართველო კვლავ ისწრაფვის გააგრძელოს ტერორისა და დაშინების პოლიტიკა როგორც თავად საქართველოში, ისე მის მოსაზღვრე აფხაზეთის გალის რაიონში. ეჭვი არაა, აღნიშნული შეიარაღებული ჯგუფების ქმედება ხელს შეუწყობს რეგიონში სიტუაციის შემდგომ გამწვავებას.
ომისშემდგომ წლებში საქართველო იყენებდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს დაძაბულობის გასამძაფრებლად და გალში დესტაბილიზაციისთვის. როგორც ჩანს, მსგავსი ტაქტიკა აფხაზეთის მიმართ ისევ დომინირებს ქართული ხელისუფლების ქმედებაში, რასაც მოწმობს იმ ინცინდენტების რიცხვის ზრდა, რომელიც გალის რაიონში მსხვერპლს იწვევს" - ნათქვამია განცხადებაში.
სეპარატისტული რეჟიმის ე.წ. საგარეო უწყება ჟენევის დისკუსიების მონაწილე მხარეებს ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევას სთხოვს, ევროკავშირსა და საერთაშორისო შუამავლებს კი „საქართველოზე ზემოქმედებისკენ" მოუწოდებს.