ჯავახეთის დიასპორა
რუსეთში, 2008 წლის აგვისტოს ომის ოთხ წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს, რომელიც საიტზე PanARMENIAN.Net გამოქვეყნდა და რომელშიც,
დიასპორა ედუარდ შევარდნაძის ჰააგის სასამართლოში გასამართლებას მოითხოვს, რაც
შესაძლოა, ერთ-ერთი მთავარი
პირობა გახდეს ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური შერიგებისათვის - ნათქვამია
განცხადებაში.
ავტორთა თქმით,
შევარდნაძემ ყველაზე დამანგრეველი დარტყმები მიაყენა საქართველოს
სახელმწიფოებრიობას, რაც გამოიხატა ხელისუფლების ძალისმიერი გზით მიტაცებაში,
აფხაზეთში ომის დაწყებაში, უმაღლესი განათლების სისტემის ნგრევაში, დასავლური
ღირებულებების ნაციონალური ინტერესების საზიანოდ გავრცელებასა და საზოგადოებაში
ნატო-ში სწრაფად შესვლის მითის ჩანერგვაში, საქართველოს ეკონომიკის განადგურებაში
და სხვა.
„შევარდნაძის ძველი
ინტელიგენციისა და ახალგაზრდა რეფორმატორთა პოლიტიკური სიმბიოზი ის ძალა აღმოჩნდა,
რომელმაც დაანგრია სახელმწიფო, დაყო ქართული საზოგადოება. შევარდნაძისა
და მისი მაშინდელი დანაშაულებრივი გარემოცვის მოღვაწეობა, საერთაშორისო ნორმების
შესაბამისად, სამხედრო დანაშაულად ითვლება, “- ნათქვამია განცხადებაში.
ჯავახეთის დიასპორა რუსეთში მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას,
ოპოზიციასა და ქართველ ხალხს, მიმართონ
ჰააგის სასამართლოს, რათა გამოძიებულ იქნას აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და
სამეგრელოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილი "გენოციდის ფაქტი და ზნეობის პრინციპების, მორალისა და ადამიანურობის
წინააღმდეგ შევარდნაძის მიერ ჩადენილი დანაშაულებები".
ჯავახეთის დიასპორა
რუსეთში თვლის, რომ ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია 2008 წლის აგვისტოს ომის
მეოთხე წლისთავზე, რადგან შევარდნაძის გასამართლება, მათი აზრით, გარანტია იქნება
იმისა, რომ მსგავსი აგრესია მომავალში აღარ მოხდება.
„ეს იქნება მონანიება ქართველი,
აფხაზი და ოსი ხალხის წინაშე, რომლის გარეშეც შერიგება შეუძლებელია,“ - ნათქვამია განცხადებაში.
Internet.ge