რუსი ბანკირი ალექსანდრე
ლებედევი, რომელიც იმავდროულად რუსულ ოპოზიციურ გამოცემას „ნოვაია გაზეტასაც“
აფინანსებს, აპირებს რუსეთში არსებული კორუფციის შესახებ დოკუმენტები აშშ-სა და
დიდ ბრიტანეთს გადასცეს. მისი თქმით, საუბარია
ჩინოვნიკების მიერ ათობით მილიარდი დოლარის დატაცებაზე. ამის შესახებ
სააგენტო „Bloomberg“ იუწყება.
ბანკირი ამტკიცებს, რომ ამ დოკუმენტების ნაწილი უკვე გაიტანა
საზღვარგარეთ. მისი ინფორმაციით, აღნიშნული ფული სწორედ საზღვარგარეთ „თეთრდებოდა“.
ლებედევის თქმით, ის 2006 წლის შემდეგ ყველა ინფორმაციას აგროვებს და
სურს, ეს მასალები საერთაშორისო გამოძიების ჩატარების საფუძველი გახდეს. ის
აცხადებს, რომ იცის, სადაც ინახება მოპარული ფული და ვარაუდობს, რომ სწორედ ამას უკავშირდება
მასზე ზეწოლა.
როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ ლებედევმა განაცხადა, რომ
აპირებს გაყიდოს თავისი აქტივები რუსეთში, რადგანაც კრემლისგან ზეწოლას განიცდის და
არ გამორიცხავს, რომ პოლიტიკური მოტივით დააკავონ კიდეც.
Internet.ge