საგარეო უწყებამ აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ,
2008 წლის აგვისტოს ომის მეოთხე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის შეიარაღებული ძალები შემოიჭრნენ საქართველოს ტერიტორიაზე და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით განახორციელეს პირდაპირი სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.
2008 წლის 12 აგვისტოს ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის ფედერაცია კვლავაც არ ასრულებს
ამ შეთანხმებით აღებულ ვალდებულებას შეიარაღებული ძალების ომამდელ პოზიციებზე დაბრუნების შესახებ. შეთანხმების საპირისპიროდ, რუსეთი ღიად გამოდის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საერთაშორისო მექანიზმების ჩამოყალიბების წინააღმდეგ. ამასთან, რუსეთი გამუდმებით აფერხებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების
მიმდინარეობას,
რომლის ორი მთავარი მიზანია უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმებზე შეთანხმება და დევნილთა ღირსეულად და უსაფრთხოდ დაბრუნების უზრუნველყოფა“,-
ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყების შეფასებით, 2008 წლის ომის დროს და შემდეგ, საქართველო მარტო არ აღმოჩნდა მისი სახელმწიფოებრიობის წინაშე მდგარი გამოწვევის წინაშე. მეგობარი სახელმწიფოების ძალისხმევით
2008 წლის
აგვისტოში
მოხერხდა აგრესიის შეჩერება. ომის შემდეგ მეგობარმა ქვეყნებმა კი, დიდი დახმარება გაუწიეს საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში.
„საქართველო მადლიერია თითოეული იმ ქვეყნის, რომლებმაც უმოკლეს ვადებში მოახერხეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში საკუთარი ოფიცრებისა და სამოქალაქო პერსონალის წარმოგზავნა. საოკუპაციო რეჟიმები ხელს უშლიან მათ მოღვაწეობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, თუმცა მისიაში მომუშავე ადამიანები ყოველდღიურად უზრუნველყოფენ სტაბილურობას, ზღუდავენ რა სივრცეს სამხედრო-პოლიტიკური პროვოკაციების განხორციელებისათვის.
იმედი გვაქვს, რომ უკანასკნელ ხანს მოსკოვის და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილი ხელოვნური წინააღმდეგობები
გალის ინციდენტების პრევენციის მექანიზმში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობასთან
დაკავშირებით
დაძლეული იქნება და ევროკავშირის მისიას მიეცემა მისი მანდატით გათვალისწინებული
ფუნქციების
შესრულების
შესაძლებლობა. ომიდან ოთხი წლის თავზე საქართველოს მიზნად რჩება თავისი განსაკუთრებული წვლილის შეტანა საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში როგორც რეგიონში, ისე მთლიანად მსოფლიოში. მომავალ წლებში გაიზრდება გაერო-სა და ევროკავშირის მისიებში საქართველოს მონაწილეობაც“,-
ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო უწყების განცხადებით, საქართველოში მოქმედი რუსული კომპანიების ეკონომიკური ინვესტიციები დაცულია.
„საქართველომ
არაერთხელ
გამოთქვა მზადყოფნა აწარმოოს რუსეთთან მოლაპარაკებები ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ნებისმიერ დონეზე. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციის მხრიდან ამ და სხვა თემებზე ანალოგიური კონსტრუქციული პოზიცია და შემხვედრი ნაბიჯების გადადგმის სურვილი არ შეიმჩნევა.საქართველოს ასევე კონსტრუქციული პოზიცია უჭირავს ჟენევის მოლაპარაკებებზე.
საქართველომ
აიღო ვალდებულება არ გამოიყენოს ძალა, რაზეც ოფიციალურ მოსკოვს ჯერაც არ უპასუხია საპასუხო ნაბიჯით. იმედი გვაქვს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების
მომდევნო რაუნდებზე რუსეთი მოისმენს ევროკავშირის და ნატო-ს მოწოდებებს და აიღებს ძალის არ-გამოყენების ვალდებულებას.საქართველოს კვლავ გააგრძელებს პრაგმატულობის გამოჩენას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების კონკრეტული პრობლემების გადაჭრისაკენ მიმართული ღონისძიებების დაგეგმვისას. თუმცაღა, ჩვენ ნათლად ვაფიქსირებთ წითელ ხაზებს იმ საკითხებში, რაც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას შეეხება“,-
ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ქვეყნის საზღვრებში მცხოვრებ ყოველ ადამიანს უნდა შესწევდეს უნარი ღირსეულად და შიშის გარეშე განავითაროს საკუთარი პოტენციალი.
„2008 წლის ომიდან ოთხი წლის თავზე ჩვენი მიზანი არის არა საქართველოს
ტერიტორიაზე
ახალი გაყინული კონფლიქტის შექმნა, არამედ ამ კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრა. სამართლიანობა უნდა აღდგეს. ჩვენი ქვეყნის საზღვრებში მცხოვრებ ყოველ ადამიანს უნდა შესწევდეს უნარი ღირსეულად და შიშის გარეშე განავითაროს საკუთარი პოტენციალი, ისარგებლოს ქვეყნის წინსვლით.
ამ
ხედვის განხორციელებისას
ჩვენ ახლო და პარტნიორული ურთიერთობა გვჭირდება რეგიონის ქვეყნებთან, ევრო-ატლანტიკური ოჯახის წევრებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
გვაქვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერის იმედი ჩვენს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების შექმნის საქმეში. თავის მხრივ, საქართველო მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში.ომიდან ოთხი წლის თავზე საქართველო მომავლისკენ იყურება, სჯერა საკუთარი ძალების და სულ უფრო მყარად იმკვიდრებს ადგილს თავისუფალ ერებს შორის“,-
ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Internet.ge