მიხეილ სააკაშვილი "მეცხრე არხის" საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ინფორმაციას გამოეხმაურა
საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ‘’მეცხრე არხის" საინფორმაციო
საშუალებაში გასულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
‘’მინდა გაგიზიაროთ ჩემი ტკივილი, იმაზე რაც მოვისმინე ზოგიერთი
ქართველი პოლიტიკოსისგან და მათი მედიასაშუალებისგან, სწორედ იმ დღეებში, როცა
ერთად უნდა ვიდგეთ და პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, როდესაც ეს ოჯახები, რომლებიც
ახლა ჩვენთან არიან, გლოვობენ მოუშუშებელ იარას, დღეს, დილით, ერთ-ერთი პოლიტიკური
პარტიის სატელევიზო არხმა გამოაცხადა, რომ რუსეთის ძალები, რომლებიც შემოიჭრნენ და
ფეხქვეშ გათელეს ჩვენი ქალაქები, ჩვენი ხალხის სიცოცხლე, თურმე მოქმედებდა სრულიად
კანონიერად საქართველოს ტერიტორიაზე.
ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ და მათ შეუძლიათ იფიქრონ რასაც
ფიქრობენ, ამას არავინ აუკრძალავს, შეუძლიათ თქვან რაც უნდათ, თუნდაც ამაზრზენი,
მაგრამ იოტისოდენა წესიერება მაინც არ უნდა გაგაჩნდეს რომ ეს არ ილაპარაკო იმ
დღეს, როდესაც ყველა პატივს მივაგებთ ჩვენს დაღუპულ მებრძოლებს და ჩვენს ხალხს,
ნუთუ სოლიდარობის ნატამალი არ გააჩნიათ?!
ყველაზე პარადოქსი ის არის, რომ დღეს, ომის მთავარმა ინიციატორმა და
დამნაშავემ - ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში
გეგმავდა და ამზადებდა რაზმებს ჩვენი ქვეყნის დასაპყრობად. არიან ქართველი
პოლიტიკოსები და რუსული ფულით დაფინანსებული მედიასაშუალებები, რომლებიც თესავენ
გაურკვევლობას და დაბნეულობას ამ საკითხის გარშემო და ერთიდაიგივე იდიოტურ კითხვას
სვამენ, რომელსაც იდიოტის მეტი არავინ დასვამს: ვინ დაიწყო ომი?
მე მინდა მივმართო ამ კაცს, ამ ხალხს და მის მონებს, თვითონ თქვენმა
პატრონმა დღეს თქვა, რომ მან დაიწყო ომი და ამით ამაყობს, იქნებ გადახედოთ თქვენ
ვერსიებს და მოარგოთ იმას მაინც, რაც პუტინმა განაცხადა," აღნიშნა პრეზიდენტმა ფოთში, მოსახლეობასთან საუბრისას და დასძინა, რომ ფოთის პორტს, რომელიც რუსული აგრესიის სამიზნე გახდა, ათმაგად ააშენებს და გააფართოებს, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებს.
საქართველოს პრეზიდენტმა და ფოთის ნავსადგურთან შეკრებილმა მოსახლეობამ, სიმბოლურად, იმ ადგილას, რომელიც 4 წლის წინ დაიბომბა, ზღვაში ყვავილები გადაყარეს.
Internet.ge