უკრაინის საგარეო საქმეთა
სამინისტროში აცხადებენ, რომ არ არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ 2008 წლის
აგვისტოს კონფლიქტში, ქართულ მხარეზე, რუსი სამხედროების დისკრედიტაციის მიზნით,
დაქირავებული უკრაინელები მონაწილეობდნენ.
აღნიშნული განცხადება
უკრაინის საგარეო უწყებამ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის საპასუხოდ გააკეთა,
რომელმაც განაცხადა, რომ რუსული არმიის დისკრედიტაციის მიზნით ქართულ მხარეს
უკრაინელები ჰყავდა დაქირავებული, რომლებიც რუსულ სამხედრო ფორმაში გადაცმულები
უღირსად მოქმედებდნენ.
„ინტერფაქსის“ ცნობით,
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ თვლის საჭიროდ „კომენტარი გააკეთოს
სტრუქტურის შუა რგოლის ჩინოვნიკის განცხადებაზე, რომელსაც არანაირი უფლებამოსილება
არ აქვს მსგავსი საგარეო პოლიტიკური ხასიათის განცხადების გაკეთებისა“.
შეგახსენებთ, რუსეთის
საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა 8 აგვისტოს
განაცხადა, რომ ქართველი ჯარისკაცები რუსი სამხედროების დანაშაულების ინსცენირებას
დაქირავებული უკრაინელების საშუალებით ახდენდნენ.
Internet.ge