კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე
მათთვის დაკისრებული ჯარიმის გადახდას არ აპირებენ.
ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღეს
გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
ფანჯიკიძის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა, რის
გამოც არც ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს 20 მილიონი ლარის გადახდას და არც კახა
კალაძე, რომელიც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, 17 მილიონი
ლარით დაჯარიმდა.
ფანჯიკიძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ფორმალური
თვალსაზრისით გასაჩივრდება ზემდგომ ინსტანციაში, რადგან შეიქმნას იურიდიული
საფუძველი იმისა, რომ დავა განხილული იქნას საერთაშორისო სამართლოში.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს მიმართა
თხოვნით, რომელიც ბიძინა ივანიშვილისა და
კახა კალაძის დაჯარიმებას ითვალისწინებდა.
მოსამართლეებმა კობა გოცირიძემ და ნანა დარასელიამ დააკმაყოფილეს
აუდიტის სამსახურის შუამდგომლობები და ბიძინა ივანიშვილს ჯარიმის სახით დააკისრეს
20 მილიონი ლარის გადახდა, ხოლო კახა კალაძე 17 მილიონით დაჯარიმდა. ამასთან,
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყადაღა დაედო კახა კალაძის საბანკო ანგარიშებს,
უძრავ-მოძრავ ქონებასა და არამატერიალურ აქტივებს.
Internet.ge