მერაბიშვილმა გვინდაძეს ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება და ახალი ბიზნესების ხელშეწყობა დაავალა
საქართველოს პრემიერ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა საპარტნიორო ფონდის
ხელმძღვანელის მოადგილესა და "ინვესტ ჯორჯიასა" დირექტორს დიმიტრი
გვინდაძეს დავალლებები მისცა.
პრემიერმა ფინანსთა ყოფილი
მინისტრი შეაქო და მის პროფესიონალიზმზე ისაუბრა.
„დიდი ხანია ვგეგმავთ მთავრობის გააქტიურებას კონკრეტული პროგრამების
მიმართულებით და ამისთვის ფონდის შექმნა ყველაზე ეფექტური იყო. კარგია, რომ ეს
ფონდი ამოქმედდა და ფუნქციონირებს. იმედი გვაქვს ბატონი დიმა ეფექტურად
გააგრძელებს მუშაობას ახალ თანამდებობაზე და ისეთივე ენთუზიაზმით გააგრძელებს
იმას, რისი ოსტატიც იყო. ის არის საქართველოში ყველაზე მაღალაპროფესიონალი
ადამიანი, ვინც უცხოელ დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა“,-
განაცხადა მერაბიშვილმა.
პრემიერის განცხადებით საინვესტიციო ფონდის მიერ გაკეთებული საქმე
მომავალში საქართველოს ეკონომიკური განვითარების საფუძველი უნდა გახდეს.
მერაბიშვილმა საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ საპარტნიორო ფონდთან
გაივლის მთავრობა ყველა იმ დაპირებას, რასაც მოსახლეობას მმართველი გუნდი აძლევს.
„ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტის წახალისება სწორედ თქვენს მიერ
შექმნილი კომპანიით უნდა განხორციელდეს, რაც საბოლოო ჯამში გახდება გარანტია
იმისა, რომ ქართველ გლეხს ექნება ინტერესი, გაზარდოს საკუთარი წარმოება და
უცხოეთში გაყიდოს, რაც თავისთავად
საქართველოს სოფლის მეურნეობას მოგებას გაზრდის“,- განმარტა მერაბიშვილმა და აქვე დასძინა,
რომ გვინდაძემ გილაურთან ერთად ბევრი ახალი ბიზნესის შექმნას უნდა შეუწყოს ხელი.
"ჩვენი ამოცანაა ქვეყანაში ბევრი ახალი ბიზნესი შეიქმნას,
რა თქმა უნდა, შემდეგ მისი პრივატიზაცია მოხდება, რომ შემოსული ფულით კიდევ მეტი გავაკეთოთ",
- განმარტა ივანე მერაბიშვილმა.
Internet.ge