საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული წიწიბურა უცხოურს კონკურენციას
გაუწევს. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა
ახალქალაქის საცდელი მეურნეობის დათვალიერებისას გააკეთა.
მისი თქმით, ძალიან მალე მაღაზიებში ქართული წიწიბურა
გამოჩნდება. მერაბიშვილი მომავავალში წიწიბურას ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
„ერთი წლის წინ გადაწყდა ახალი კულტურის გაშენება. გლეხებს თესლის
ბრუნვის პრობლემა ჰქონდათ ანუ აქ ძირითადად მხოლოდ ერთი სახეობის პროდუქტი მოყავდათ, რაც
მიწის გაფუჩებას იწვევდა. გაშენდა წიწიბურა, თუ გაამართლა მან უნდა ჩაანაცვლოს იმპორტირებული
საკვები და მომავალში მის ექსპორტზეც უნდა ვიფიქროთ“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
მერაბიშვილის ინიციატივით, სურვილის შემთხვევაში სახდელი მეურნეობა
გლეხებს აღნიშნულ თესლს მისცემს.
„წელს ექსპორტზე გატანა არ იგეგმება, ამიტომ უნდა დავეხმაროთ თესლით
იმ გლეხებს, რომლებსაც მიწა ერთიდაიგივე თესლის დათესვით გაუფუჭდათ. ამასთან,
ჩამოვიყვანეთ ახალქალაქში სპეციალური კომბაინები, რომლებიც მოსავლის აღებისთვის
გამოიყენება“,- დასძინა პრემიერმა.
სპეციალისტთა განცხადებით, უკრაინიდან იმპორტირებულმა წიწიბურამ
საქართველოს ნიადაგზე გაიხარა. გლეხები პირველ მოსავალს სექტემბრის ბოლოს აიღებენ.
internet.ge