„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ. პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძე, პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთის რაიონში ლევან კალანდაძე, ოზურგეთში, ზვანის მოსახლეობას შეხვდნენ და პარტიის პროგრამის - „შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად“ ეკონომიკური და სოფლის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებები გააცნეს.
„ოზურგეთში რაიონში, სადაც 50 სოფელია, წარსულში 70-მდე სხვადასხვა პროფილის საწარმო ფუნქციონირებდა. თითქმის ყველა სოფელში მინიმუმ ერთი ან ორი საწარმო მუშაობდა. მხოლოდ ზვანის ტერიტორიაზე 6 სხვადასხვა საწარმო იყო განთავსებული და ამ საწარმოებში 1500 ადამიანი იყო დასაქმებული. დღეს, აქ ყველაფერი ნანგრევებად არის ქცეული და მოსახლეობა პრაქტიკულად დაუსაქმებელია. ადამიანები მხოლოდ პენსიის და უმწეოთა დახმარების ამარად არიან დარჩენილნი. ჩვენი მიზანია ოჯახები სოფლად და ქალაქად შეძლებულ ოჯახებად ვაქციოთ და ეს გზა სოფელებში საწარმოების გახსნის ხელშეწყობის პოლიტიკაზე გადის. ჩვენ შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც ოჯახებს ყოველთვიური შემოსავალი მინიმუმ 1000 ლარის ოდენობით ექნებათ“ - განაცხადა დავით გამყრელიძემ.
შეხვედრის დროს პარტიის ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელმა და ოზურგეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კალანდაძემ „ახალი მემარჯვენეების“ იმ ინიციატივებსა და პროგრამულ პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც ქვეყანაში სოფლის მეურნეობის, როგორც ბიზნესისთვის მიმზიდველ დარგად ჩამოყალიბებას
და ექსპორტზე ორიენტირებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებას შეუწყობს ხელს.
„შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად „ახალი მემარჯვენეებისთვის“ პრინციპული საკითხია. ეს არის მიზანი, რაც იმაში გამოიხატება, რომ ადამიანები მთავრობის შემწეობასა და დახმარებებზე დამოკიდებულად კი არ უნდა ვაქციოთ, არამედ პირიქით, მთავრობა უნდა იყოს დამუკიდებული შეძლებულ ოჯახებზე. სახელმწიფო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტად სწორედ ეს უნდა იქცეს - უზრუნველვყოთ, რომ ოჯახებს შეეძლოთ შეძლებულად ცხოვრება როგორც სოფლად, ისე ქალაქად, ღირსეული და შრომის ადეკვატური შემოსავლის მიღება, ხარისხიანი ჯანდაცვით სარგებლობა და განათლების მიღება. შეძლებული ოჯახი უნდა იყოს ქვეყნის განვითარების გარანტი და წინსვლის საფუძველი“ - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.
internet.ge