20-22 აგვისტოს თბილისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ესტუმრება.
საპარლამენტო ასამბლეის ახლადარჩეული პრეზიდენტი რიკარდო მილიორი, ვიცე-პრეზიდენტი ტონინო პიცულა, გენერალური მდივანი და მათი თანხმლები პირები წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ ვითარებას გაეცნობიან და პოლიტიკური პარტიების საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობას დააკვირდებიან.
შეხვედრები ასევე გაიმართება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, ცენტრალურ საარჩევნო და უწყებათაშორის კომისიასთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა 56 ქვეყნის პარლამენტის 400-ზე მეტ წევრს აერთიანებს. ივლისში მონაკოში გამართულ სესიაზე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო, სადაც აღნიშნულია რუსეთის მიერ საქართველოს ტრიტორიების ოკუპაცია და გამოხატულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.
Internet.ge