ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ნაციონალური უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის
კნუტ ვოლებეკის განცხადება, სადაც შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალის მარიონეტული
რეჟიმის გეგმების მიმართ, რომლის თანახმადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული სოფლების
დანგრევას აპირებენ.
„ასეთი გეგმები, თუკი ისინი განხორციელდება, გაანადგურებს იმ ეთნიკურად ქართულ
სოფლებს, რაც სამხრეთ ოსეთში დარჩა,“ - განაცხადა ვოლებეკმა.
ის მოითხოვს, მარიონეტულმა რეჟიმმა დააზუსტოს თავისი განცხადება არა ამარტო ქართული სოფლების, არამედ ქართველი
მოსახლეობის მიმართაც.
ვოლებეკის თქმით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ადგილნაცვალ პირებს უფლება
აქვთ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და თუ მათი საცხოვრებლის დანგრევა მოხდება, ეს
საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დანაშაული იქნება.
„მე მოვუწოდებ დე-ფაქტო ხელმძღვანელობას და შესაბამის მმართველობის ორგანოებს ამ
მხარეში, პატივი სცენ გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებას და შეასრულონ
საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. განცხადებები, რომლებიც იმ
ქართული სოფლების განადგურებას მოუწოდებს, სადაც ტრადიციულად ეთნიკური ქართველები
ცხოვრობდნენ, ამ საკმაოდ არასტაბილურ რეგიონში პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და თუ
ეს მართლაც მოხდება, რეგიონში ეთნიკური ქართველები აღარ დარჩებიან და ეს
დანაშაულებრივი ნაბიჯი რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუშლის ხელს,“ -
ნათქვამია ეუთოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცახდებაში.
უმაღლესი კომისარი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ეწვევა ცხინვალს, რათა იქ
არსებული სიტუაციის შესახებ უკეთესად შეიტყოს და ახალ ხელმძღვანელობას შეხვდეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა
განაცხადა, რომ ქართული სოფლები განადგურდება და ეს ტერიტორია საწარმოო ზონად
გადაიქცევა.
internet.ge