„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე გიგი უგულავა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატ არჩილ
გეგენავასთან ერთად კოჯორში, 19 აგვისტოს სტიქიისას დაზიანებული სახლების
აღდგენით სამუშაოებს გაეცნო.
უგულავამ კოჯორის განვითარებაზე ისაუბრა და
ადგილობრივებს ინფრასტრუქტურისა და სანიაღვრე სისტემების მოგვარებას დაჰპირდა.
თბილისის მერი დაზღვევის სახელმწიფო პროგრამასაც
შეეხო და აღნიშნა, რომ პენსიონერებისთვის აღნიშნული პროგრამა მნიშვნელოვანი
იქნება.
სამუშაოების დათვალიერების შემდეგ უგულავამ
„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ინგოროყვას ქუჩის მაცხოვრებლებს
წარუდგინა.
„ძველ თბილისს ნუცუბიძის პლატოდ ვერ გადააქცევ, ვერ
ააშენებ მაღალ შენობებს, შეიძლება ამ პროექტებმა ძველი არქიტექტურა დაახრჩოს.
თუმცა აქ მცხოვრებლებს სრულიად ლეგიტიმური პრობლემები აქვს, რომელიც ავარულ
შენებობებს ეხება. სასწრაფოდ გვჭირდება ინვესტორები. ამას კი არჩილი მომდევნო 4
წლის განმავლობაში მიხედავს“,- აღნიშნა უგულავამ.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მთაწმინდელ
ამომრჩეველს სიტყვითაც მიმართეს, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსა და
წინასაარჩევნო პროგრამას.
„ძნელია იყო ძველი თბილისის მაჟორიტარობის
კანდიდატი, აქ სიძველის გამო ბევრი პრობლემაა, იმის მიუხედავად, რომ სადაც არ უნდა
გაიხედო ყველგან აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, ამ პრობლემებს ბოლო არ უჩანს,
მაგრამ გპირდებით, რომ ერთად დგომით ყველა პრობლემას გავუმკლავდებით, ეს სარგებელი
ყველა თქვენთაგანის ოჯახში მოვა“,- დასძინა ქალაქის მერმა.
internet.ge