ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ინგუშეთის ხელისუფლება ჩეჩნეთის ტერიტორიების მიტაცებაში დაადანაშაულა. კადიროვი აპირებს, ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის საკითხი მოსკოვში დააყენოს – იუწყება ინტერფაქსი.
საკითხი კადიროვთან თათბირზე განიხილეს.
„შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ინგუშეთის თანამდებობის პირები დგამენ ნაბიჯებს, რათა არა მარტო იურიდიულად გამყარდნენ ტერიტორიებზე, რომლებიც ჩეჩნეთის ხელისუფლების მიერ რესპუბლიკათაშორის ტერიტორიებადაა აღიარებული, არამედ იტაცებენ ახალ მიწებს და შემოდიან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სიღრმეში“ – განმარტა კადიროვის პრეს-სამსახურმა.
მის მირ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ინგუშეთი თითქოსდა, ჯოხარ დუდაევის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს ეყრდნობა.
„დუდაევის რეჟიმი უკანონოდაა აღიარებული, შესაბამისად, უკანონოა მისი ბრძანებები და განკარგულებები და რა შეთანხმებაზე ლაპარაკობს ინგუშეთი?“ – აცხადებს კადიროვი და ამბობს, რომ ინგუშეთის მოქმედება პროვოკაციულ ხასიათს ატარებს.
თავის მხრივ, ინგუშეთის ლიდერმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა ამაზე პასუხად მხოლოდ ის განაცხადა, რომ ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის საზღვრები უნდა დადგინდეს.
Internet.ge