თბილისის მერმა გიგი უგულავამ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე
ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა დაათვალიერა.
აღსანიშნავია, რომ თბილისის
მერია ქალაქში მოძრაობის განტვირთვის
მიზნით, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გრანდიოზულ ინფრასტრუქტურულ პროექტს
ახორციელებს. პროექტის მიხედვით, მარჯვენა სანაპიროს მთელ სიგრძეზე, ხუთ ადგილას
პანდუსები, ხიდები, გვირაბები და ესტაკადები აშენდება.
გიგი უგულავას განცხადებით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მარჯვენა
სანაპიროზე არსებული ყველა პრობლემური სატრანსპორტო კვანძი გაიხსნება. აღნიშნულ
პერიმეტრზე გაუქმდება შუქნიშნები და მანქანები შეუფერხებლად შეძლებენ
გადაადგილებას.
უგულავამ ასევე ახალი გზების მნიშვნელობაზე და ქალაქში არსებული
სატრანსპორტო გადაადგილების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.
Internet.ge