მაგდა ანიკაშვილი საპენსიო პაკეტში, 60–65 წლამდე მამაკაცებისთვის, სახელმწიფო დაზღვევის შენარჩუნებას ითხოვს
"ქრისტიან-დემოკრატები” საპენსიო პაკეტში, 60–65 წლამდე მამაკაცებისთვის, სახელმწიფო დაზღვევის შენარჩუნებას ითხოვენ.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა, საპენსიო პაკეტის ძალაში შესვლის შემდეგ, 60-65 წლამდე მამაკაცები, სექტემბრიდან სახელმწიფო დაზღვევის და ამბულატორიული მომსახურების გარეშე რჩებიან.
მისი თქმით, სახელმწიფოს მიდგომა მიუღებელია იმასთან დაკავშირებით, რომ მათთვის გათვალისწინებული იქნება რეფერალური პროგრამა.
დეპუტატის შეფასებით, რეფერალური პროგრამა დაუსრულებელი პროცესია, რადგან განაცხადების განხილვა, მთავრობის სხდომაზე ხდება და მას პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომელიც ვიზიტების გამო, ხშირად ქვეყანაში არც იმყოფება.
„შესაბამისად, შეუძლებელია დახმარება ადამიანს დროულად გაეწიოს. ხელისუფლებას მოვუწოდებთ - საპენსიო პაკეტში გათვალისწინებული იყოს მამაკაცების დაზღვევა 60 წლიდან. ასევე, დარჩეს არსებული პროგრამები კარდიო და ონკოლოგიურ დაავადებებთან დაკავშირებით”, - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ საპენსიო პაკეტის განხილვა, დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იგეგმება.
Internet.ge