რუსეთის მთავარ სანიტარს საქართველოსთან ახალი პრეტენზიები
გაუჩნდა. გენადი ონიშენკო თვლის, რომ
ღორის ჭირი რუსეთში საქართველოდან გავრცელდა და თანაც არა შემთხვევით. ონიშენკოს
თქმით, ეს შეგნებული „ეკონომიკური დივერსია“ იყო, რომლისგანაც, კრასნოდარის მხარე,
თურმე, დღემდე ვერ განკურნებულა.
რუსული მედიის ცნობით, საუბარია ღორის აფრიკულ ჭირზე. მისი
გავრცელების ონიშენკოსეული გეოგრაფია ასეთია:
„ის ჩვენთან შემოვიდა საქართველოდან. თავიდან ოსეთში, შემდეგ
კი კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეში გავრცელდა. არის ნიშნები, რომ ეს
ხელოვნურად შექმნილი სიტუაციაა. ეს ეკონომიკური დივერსიაა, 3 წელი კრასნოდარის
მხარე ვერ ახერხებს მდგომარეობიდან გამოსვლას“ - განაცხადა რუსეთის მთავარმა
სანიტარმა.
მას თავისი ეჭვებიც აქვს, ამჯერად,
სანიტარულ-პოლიტიკურ-სამხედრო მიმართულებისა. ონიშენკო ამბობს, რომ საქართველოში,
საბჭოთა კავშირის ყოფილ ლაბორატორიებში ახლა ამერიკელი სამხედრო ექიმები მუშაობენ
და ინფექციების ხელოვნურად გავრცელების საფრთხეს, ის სწორედ ამერიკელებსა და ამ
ლაბორატორიებს მიაწერს.
„რა უნდა შეერთებული შტატების სამხედრო ლაბორატორიებს ჩვენი
ყოფილი სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე? რა მიზნით იმყოფებიან უცხოელი სამხედრო
მედიკოსები საქართველო-რუსეთის საზღვართან საქართველოს მხარეს?“ - ასეთია რუსეთის
მთავარი სანიტარის ახალი ინტრიგა უკრაინის მიმართ წამოყენებულ პრეტენზიებთან
ერთად. როგორც გუშინ „ინტერნეტ.გე“
იუწყებოდა, ონიშენკომ უკრაინიდან მოსალოდნელი ქოლერის საფრთხეზე ისაუბრა და
განაცხადა, რომ ამ საფრთხეზე საუბარია თვით ძველ აღთქმაშიც კი.
„თუ თქვენ წაიკითხავთ ძველ აღთქმას, მასში იპოვით ყველა პასუხს, მათ შორის
უკრაინაში ქოლერასთან დაკავშირებით. იქ ჩამოყალიბებული იყო პირადი ჰიგიენის
წესები, კარანტინის წესები. ყველაფერი, რაც წერია, არის
როგორც
სანიტარული წესები - ეს სხვა არაფერია, თუ არა პროფესიონალურად წაკითხვა ძველი
აღთქმისა“ - განაცხადა ონიშენკომ.
Internet.ge