სტადიონზე ბოთლების, ხელკეტების, ბლაგვი საგნებისა და ე.წ ლაზერების შეტანა იკრძალება
11 სექტემბერს გასამართი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩების მიმართ განსაკუთრებული ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და უსაფრთხოების სამსახური სტადიონზე ქცევის წესებსა და უსაფრთხოების ზომებს აზუსტებენ.
პრესსამსახურის ინფორმაციით, 11 სექტემბერს, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ სტადიონის ყველა შესასვლელი კარი გაიღება მატჩის დაწყებამდე ორი საათით ადრე. ფედერაცია მაყურებელს აფრთხილებს სტადიონზე მაქსიმალურად ადრე მივიდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული რიგები შესასვლელებში.
ფედერაცია ასევე თხოვს მატჩზე დასწრების მსურველებს, იმოძრაონ და გადანაწილდეთ ბილეთზე მითითებული ადგილებისა და ტრიბუნების მიმართულებით.
მაგალითად: დასავლეთ ტრიბუნაზე ადგილის მქონე გულშემატკივრებმა იმოძრაონ ყიფიანის ქუჩიდან; აღმოსავლეთ ტრიბუნაზე ადგილის მქონეებმა კი - წერეთლის გამზირიდან.
სტადიონის შესასვლელებში დაცვის სამსახური ყველა შემსვლელს დაათვალიერებს.
ფეხბურთის ფედერაციის განცხადებით, იმოქმედებს კანონით დადგენილი აკრძალვები: სტადიონის ტერიტორიაზე ბოთლების, ხელკეტების, ბლაგვი საგნებისა და ე.წ „ლაზერების“ შეტანა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა „ლაზერებს“. სტადიონზე მუშაობს უსაფრთხოების სამსახურის ვიდეოკამერები და ლაზერის გამოყენების შემთხვევაში, გულშემატკივარს მყისვე დაატოვებინებენ სტადიონის ტერიტორიას. რასაკვირველია, იკრძალება დაცულ ტერიტორიაზე (ამ შემთხვევაში - სტადიონზე) არასანქცირებული შეღწევაც (მაგალითად, ღობეზე გადაძრომა).
internet.ge