სასჯელაღსრულების სამინისტრო მსჯავრდებულ
ცოტნე გამსახურდიას მიმართ რაიმე სახის ზემოქმედების თაობაზე ინფორმაციას
კატეგორიულად უარყოფს.
როგორც უწყების მიერ დღეს გავრცელებულ
განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, №17 თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მსჯავრდებულმა ცოტნე გამსახურდიამ გამოაცხადა შიმშილობა სამკურნალო
დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით, თუმცა 07.09.12 წ. მან უარი განაცხადა
მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გეგმურ გამოკვლევებზე
გადაყვანაზე.
„თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ
სამინისტრო მაქსიმალურ ძალისხმევას მიმართავს, რათა სასჯელაღსრულების სისტემაში
თანასწორუფლებიანობის პრინციპის გათვალისწინებით, ნებისმიერი პაციენტისათვის,
ისევე, როგორც ცოტნე გამსახურდიასათვის, გარანტირებული იყოს დაავადების ადეკვატური
მკურნალობა და თითოეულ პაციენტს ემსახურებოდეს პირადი ექიმი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მიმდინარე
წლის 8 სექტემბერს, №17 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულმა ცოტნე
გამსახურდიამ გამოაცხადა შიმშილობა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანის
მოთხოვნით, თუმცა 07.09.12 წ. მან უარი განაცხადა მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა
სამკურნალო დაწესებულებაში გეგმურ გამოკვლევებზე გადაყვანასთან დაკავშირებით.
უნდა აღინიშნოს, რომ შიმშილობის
გამოცხადების შემდგომ, მსჯავრდებული კანონის ფარგლებში გადაყვანილ იქნა არა ე.წ.
"კარცერში“, როგორც ამას მსჯავრდებულის უფლებადამცველი აცხადებს, არამედ
განცალკევებით, მუდმივი სამედიცინო ზედამხედველობის მიზნით, რაც მოშიმშილე პატიმრის
ინტერესებიდან გამომდინარეობს.
სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს
ინფორმაციას მსჯავრდებულ ცოტნე გამსახურდიას მიმართ რაიმე სახის ზემოქმედების
თაობაზე.
მიმდინარე წლის 11 სექტემბერს დამატებითი
სამედიცინო გამოკვლევების მიზნით მსჯავრდებული ცოტნე გამსახურდია გადაყვანილ იქნა
სამკურნალო დაწესებულებაში.
ამ ეტაპზე მსჯავრდებულის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურია და საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებული გამსახურდია,
ისევე, როგორც ნებისმიერი პატიმარი უზრუნველყოფილია შესაბამისი პროფილის ექიმის
მუდმივი ზედამხედველობით, მრავალპროფილური სადიაგნოსტიკო და სამკურნალო
საშუალებებით, ასევე სამოქალაქო სექტორის წამყვანი სპეციალისტების მომსახურებით.
internet.ge