მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგებს სერტიფიცირებასთან დაკავშირებით ახალი ცვლილებები გააცნო
საქართველოს პრეზიდენტმა პედაგოგებს, სერtიფიცირებასთან
დაკავშირებით ახალი ცვლილებები გააცნო. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სერtიფიცირება
გადადის სკოლებში და აღარ იქნება საგამოცდო ცენტრებში, რადგან პრეზიდენტის თქმით,
ეს დამამცირებელი იყო.
ასევე, შემცირდება გამოცდების საათები, 5 საათიანი გამოცდები,
რომლებიც პედაგოგებს უტარდებოდათ 2 საათიან რეჟიმზე გადავა. მესამე ცვლილება კი,
რომელიც პრეზიდენტმა გააჟღერა, არის ის, რომ მასწავლებლების ატესტაციისათვის ახალი
კრიტერიუმები იქნება.
„პედაგოგების კვალიფიკაცია გაიზომება ასევე იმითი, თუ რამდენმა მისმა
მოსწავლემ ჩააბარა ეროვნული გამოცდები, რა აკადემიური მოსწრებაა, როგორ ტარდება
გაკვეთილები. ეს საკითხები არ იქნება გადამწყვეტი, მაგრამ იქნება ერთ-ერთი
კომპონენტი“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, მომავალი წლის ბოლოსთვის პრაქტიკულად აღარ
იქნება სკოლები, რომელიც აღდგენილი არ იქნება. „ვხარჯავთ ძალიან ბევრ ფულს, რომ
სკოლები გაკეთდეს მაღალ დონეზე“,-დასძინა პრეზიდენტმა.
მიხეილ
სააკაშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების ცენტრის მუშაობასაც შეეხო, მისი შეფასებით, გამოცდების ცენტრი იყო კანტორა, რომელიც
წელიწადში ერთხელ იხსნებოდა, ერთი თვე მუშაობდნენ და ხელფასები თვეში 15 000
ლარამდე ჰქონდათ.
მისი თქმით, ცენტრში ვითარება შეიცვლება და
როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს გამოცდების ჩაბარება და გრანტების მოპოვება
წელიწადში რამდენჯერმე შეეძლებათ.
„ჩვენი ამოცანაა მასწავლებლების დონის
გაუმჯობესება და მათ ყველანაირად ხელი უნდა შევუწყოთ. ზოგიერთი პედაგოგებს დაჭერით
ემუქრება, მაგრამ ეს არასერიოზულია“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტმა პედაგოგებს სერტიფიცირების
გავლა მიულოცა და განაცხადა, რომ ისინი არიან იმედი, რომ ამ გამოცდების გავლას
სხვებიც შეძლებენ.
Internet.ge