თბილისის პროკურატურაში
თურქეთის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ თურქეთის
იუსტიციის მინისტრის მოადგილე კენან ოზდემირი,
იუსტიციის აკადემიის პრეზიდენტი ჰუსეინ ილდირიმი,
საერთაშორისო სამართლისა და საგარეო ურთიერთობების გენერალური დირექტორატის
გენერალური დირექტორი და მომკვლევი მოსამართლე. დელეგაციის წევრებს
საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე და იუსტიციის სამინისტროს
ადმინისტრაციის უფროსი ანდრო გიგაური შეხვდნენ.
დავით საყვარელიძემ სტუმრებს სისხლის სამართლის რეფორმის პრეზენტაცია წარუდგინა. მთავარი
პროკურორის პირველმა მოადგილემ მსმენელებს „გლობალური კორუფციის ბარომეტრის“ და
„დანაშაულის და უსაფრთხოების კვლევის“ შედეგები გააცნო, რომლის თანახმადაც, საქართველო
ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დასახელდა, თბილისი კი - აღმოსავლეთ ევროპის
ყველაზე უსაფრთხო დედაქალაქად. საუბარი
შეეხო იმ რეფორმებსაც, რომლებმაც ქვეყნის წარმატება განაპირობა.
იუსტიციის სამინისტროს
ადმინისტრაციის უფროსმა თურქეთის დელეგაციას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
სისტემის რეფორმირების კუთხით გადაგმული ნაბიჯები წარუდგინა. ანდრო გიგაურმა
პასუხისმგებლობის ალტერნატიულ, არასაპატიმრო ფორმებზე და არასრულწლოვანთა
დანაშაულის პრვენციაზე ისაუბრა, მიმოიხილა პროექტები „არასრულწლოვანთა განრიდება
და მედიაცია“, „ჩემი უფროსი მეგობარი“, „არჩევანი შენზეა,“ „ჩვენი საზოგადოება“,
„ლიდერთა სახლი“ და სხვ.
ხვალ თურქეთის დელეგაცია
ბათუმში მიემგზავრება, სადაც შეხვედრები გაიმართება საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს წევრებთან და აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან. სტუმრები ბათუმის
იუსტიციის სახლსაც მოინახულებენ.
თურქული დელეგაციის ვიზიტი
საქართველოში 13 აპრილს დასრულდება.
Internet.ge