სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სასჯელაღსრულების მინისტრის ხათუნა ლაკმახელიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის
საკითხის დაყენებას ითხოვს. ამის შესახებ
სახალხო დამცველმა "მაესტროს" ეთერში,
გადაცემა "პოლიტმეტრში"
განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო
დამცველის აპარატის თანამშრომლებმა საინფორმაციო საშუალებების
მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ვიდეომასალაში, რომელიც ციხეში პატიმართა წამების ფაქტებს
ასახავს, სასჯელაღსრულების
სისტემის მაღალჩინოსნები
ამოიცნეს.
"დეტალურად მივადევნებ თვალს, რომ
ყველა დამნაშავე პირი უმკაცრესად დაისაჯოს. გლდანის
საპყრობილის თემა ერთხელ და სამუდამოდ უნდა ამოიწუროს. ბევრ
ქვეყანაში მსგავსი დარღვევები გახდებოდა მინისტრის პასუხისმგებლობის
საფუძველი – თანამდებობიდან
გადადგომის სახით მაინც", - აღნიშნა
გიორგი ტუღუშმა.
დღესვე, ცნობილი გახდა, რომ სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის გადაწყვეტილებით,
უწყების სასჯელაღსრულების
დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ჭაკუა თანამდებობიდან გათავისუფლდა, - ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი
2"-თან საუბარში მინისტრმა, ხათუნა
კალმახელიძემ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, რამდენიმე პირი, რომელიც გავრცელებულ ვიდეოებში ფიგურირებს, დაკავებულია, რამდენიმეზე
კი ძებნაა გამოცხადებული. ხათუნა
კალმახელიძის განცხადებით, კადრები, რომლებიც
იხილა, მისთვის
შემზარავია.
შეგახსენებთ, შს სამინისტრომ დღეს ვიდეო ჩანაწერს გაავრცელა, რომელშიც პატიმართა წამებაა ასახული, ხოლო დამკვეთების შესახებ აღიარებით ჩვენებაში ბრალდებულები საუბრობენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით: ‘’გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე.
მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან.
ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.
ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა ჩადენილ იქნა სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.
გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად იქნენ ცნობილი და დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება გრძელდება."
internet.ge