გლდანის მე-8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი
ვიდეო მასალის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ განცხადებას
ავრცელებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გმობს და უკიდურეს აღშფოთებას გამოთქვამს ამ შოკის მომგვრელი ფაქტების მიმართ და მოითხოვს დაუყოვნებლივ და ადეკვატურ რეაგირებას ხელისუფლების მხრიდან,“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, შს სამინისტრომ დღეს ვიდეო ჩანაწერს გაავრცელა, რომელშიც პატიმართა წამებაა ასახული, ხოლო დამკვეთების შესახებ აღიარებით ჩვენებაში ბრალდებულები საუბრობენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით: ‘’გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.
შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე,
ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ახორციელებდა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობას, რასაც იღებდნენ ვიდეოფირზე.
მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე დაფიქსირება და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა მიიღეს ამავე საპყრობილეში განთავსებული თამაზ თამაზაშვილისაგან.
ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა ხორციელდებოდა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით.
ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000
აშშ დოლარი. არსებობს ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა ჩადენილ იქნა სხვა ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.
გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად იქნენ ცნობილი და დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძის მიმართ გამოცხადებულია ძებნა. გამოძიება გრძელდება."
ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანიების
„მე-9 არხისა“ და „მაესტროს“ ეთერით ციხეში არაადამიანური წამების ამსახველი ახალი
ვიდეო გავრცელდა. რასაც საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში
დამნაშავეთა ადექვატურად დასჯის მოთხოვნით ქუჩის აქციები იმართება თბილისში
ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმში ერას მოედანზე და ქუთაისში.
internet.ge