სახალხო დამცველი ქსნის დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვს
საქართველოს
სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა ტატა ხუნწარიამ წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება ქსნის N15 დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა ახსნა-განმარტებაში მოყვანილ ფაქტებზე. ამასთან, მიღებული გადაწყვეტილებისა
და გატარებული ღონისძიებების შესახებ, აცნობოს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით დადგენილ ვადებში.
საქართველოს
სახალხო დამცველის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 21 სექტემბერს, საგანგებო მონიტორინგი განახორციელა ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ დაწესებულების ყველა ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულებს. ქსნის დაწესებულების ე.წ. „ძველ ზონაში“ განთავსებულმა მსჯავრდებულებმა სახალხო დამცველის სახელზე დაწერეს კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერს 526 მსჯავრდებული და რომელიც შეეხება მსჯავრდებულთა მიმართ ქსნის N15 დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების მხრიდან წარსულში მუდმივად განხორციელებულ არასათანადო, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას.
ახსნა-განმარტებაში ნათქვამია, რომ მათ სჯიდნენ ნებისმიერი წვრილმანისთვის,
ხშირად უმიზეზოდაც. დასჯის მიზნით სამარტოო საკანში გადაყვანის წინ მსჯავრდებული მიყავდათ ადმინისტრაციის შენობაში არსებულ სავარჯიშო ოთახში, სადაც უმოწყალოდ სცემდნენ, აბამდნენ ხელბორკილებით გათბობის მილზე, ზოგჯერ იყენებდნენ ელექტროშოკს, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. დაწესებულებაში ახლად მიღებული მსჯავრდებულების
საკნებში განაწილებამდე მათ ათავსებდნენ აბანოში, სადაც ისინი რამდენიმე დღეს ატარებდნენ. აქ მათ აყენებდნენ მუხლებზე, პარსავდნენ თავს და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.
მსჯავრდებულების
თქმით, აბანოდან ისინი სათითაოდ გაყავდათ ადმინისტრაციის შენობაში ან საკანში და აიძულებდნენ ხელის მოწერას თანამშრომლობაზე.
წინააღმდეგ
შემთხვევაში
ცემდნენ, ემუქრებოდნენ სასჯელის დამატებით და ოჯახის წევრებზე ზეწოლით.
ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ ქსნის N15 დაწესებულებაში მსჯავრდებულების
ყოველდღიური
ყოფაც მძიმე იყო. მათ არ აძლევდნენ ნორმალურად ჭამის საშუალებასაც კი, კერძოდ, აჩქარებდნენ და არ ამთავრებინებდნენ
სადილს, სასადილოში დალაპარაკებისთვის
სჯიდნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრძალავდნენ ადგილიდან ადგომას და ასე ტოვებდნენ მთელი დღის განმავლობაში. ნებისმიერ ამინდში ყოველდღიური შემოწმების ჩატარებისას მსჯავრდებულებს აიძულებდნენ, საათობით მდგარიყვნენ ეზოში ღია ცის ქვეშ, ხოლო შემოწმების დაწყებას სპეციალურად აგვიანებდნენ, რათა მსჯავრდებულები რაც შეიძლება დიდხანს მდგარიყვნენ წვიმაში ან სიცხეში.
მსჯავრდებულების
განცხადებით,
მათ ცემაში და მათ მიმართ სხვა სახის არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი თანამშრომლები: დირექტორი შოთა თოლორდავა, დირექტორის მოადგილე ბაჩო რუხაია, გიორგი ფარჯანაძე, მამუკა შალამბერიძე, ლევან ლეჟავა, დიმა ჩხეიძე, ნუკრი კოპალიანი, ვინმე ამბროსი, რაჯი, აკაკი კირკიტაძე, აკაკი მეტსახელად „ჩეპე“, სანდრო, ვიტალი მეტსახელად „ადამიჩი“, რომანი, ჯამბულ ბაირამოვი, ილო, თამაზი მეტსახელად „ჩელენტანო“, ფარნა, ძმები ბადრი და ნუკრი. ამასთან მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ ეს სია არაა ამომწურავი და სხვა თანამშრომლების სახელები არ იციან, თუმცა სახეზე ცნობენ.
მსჯავრდებულები
აღნიშნავენ,
რომ თითოეული მათგანი მზადაა, დეტალური ჩვენება მისცეს გამოძიებას.
internet.ge